Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა, რომელშიც ესპანეთს სტუმრად ვალიადოლიდში დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდისთვის ეს პლეი ოფის შეხვედრებამდე ბოლო თამაში იყო.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განვლილი მატჩი შეაფასა და მომავალზეც ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...ესპანეთთან მატჩზე: "კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ მოთამაშეებს, ვისაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს მას, საფრანგეთთან ერთად, ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატებას ვუსურვებ."

...მთლიანად შესარჩევზე: "ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ამ პერიოდში საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და ასევე დღეს, პირველ ტაიმში, რაც ჩვენი თავდაჯერებისთვის კარგია. მაგრამ ჩვენ საქართველო ვართ, კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე."

...მხოლოდ კვიპროსთან მოგებაზე: "რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, ამის მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეს დაგვეხმარება, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 8 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზე გავიდა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

კომენტარები

ბოლო ამბები