- ინდიანა პეისერსი 116:128 ორლანდო მეჯიქი
- ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტოში იყო და დაცვაში გამოირჩეოდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთა შორის იყო ორლანდო მეჯიქის მატჩიც. გოგა ბითაძე მის ყოფილ გუნდს, ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და მეტოქე 128:116 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი დღესაც სასტარტო ხუთეულში იყო და 22:23 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება (!) დააგროვა. გოგამ თამაშიდან 5-დან სამი სროლა გამოიყენა და აქედან ყველა ორქულიანი იყო, მას პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია, საჯარიმოს ხაზთან კი ორჯერ დადგა და ორივეჯერ ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ორჯერ დაჯარიმდა. მატჩის ერთ-ერთი ჰაილაითი მაილს ტერნერზეც მისი დაფარება იყო.
აქვე ვიტყვით, რომ გოგა მესამე მეოთხედის ბოლოს ჯამალ მოსლიმ შეცვალა და აღარ გამოუყვანია, რადგან ფლორიდელები 38 ქულით იგებდნენ, შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა ძირითადის მოთამაშეების, მათ შორის ბითაძის დასვენებაც გადაწყვიტა და garbage time-ში შანსი სხვა კალათბურთელებს მისცა.
შეხვედრის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან ორლანდო 34 ქულით წინ გავიდა. პეისერსმა მესამე და მეოთხე პერიოდების მოგება მოახერხა, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა. ყველაზე შედეგიანი 24 ქულით პაოლო ბანკერო იყო, 19 ქულა კი ფრანც ვაგნერს ჰქონდა. ინდიანელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯორდან ნვორას ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძე ინდიანას ღირსებას 2019-2023 წლებში იცავდა, ამ წლის დასაწყისში კი ქართველი კალათბურთელი ორლანდოში გადავიდა. პეისერსმა გოგა NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია.
მომდევნო მატჩს ორლანდო მეჯიქი 22 ნოემბერს სახლში ტორონტო რეპტორსთან გამართავს.
კომენტარები