Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანეთში მარცხით (1:3) და ჯგუფში 8 ქულით, ბოლოსწინა მე-4 ადგილზე დაასრულა. ეს იყო ბოლო მატჩი მარტში დაგეგმილ პლეი ოფამდე, რომელიც ეროვნული გუნდისთვის ევრო 2024-ზე მოხვედრის უნიკალური შანსია. ერთადერთი გოლი ესპანეთშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და მას ნაკრების ფორმით უკვე 15 გოლი აქვს. ბოლო ორ თამაშში ძალიან კარგი იყო გიორგი ჩაკვეტაძეც. რა ხდებოდა ფეხბურთის გარდა გასულ უიკენდზე? საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ისევ კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს. შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში:  


ნაკრები | კვარა იაშვილს დაეწია

3 გოლი ბოლო ორ მატჩში და ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ფორმით 28 თამაშში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი. 22 წლის კვარა ამით ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს დაეწია და მასთან ერთად მე-3 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კვარას ამ შედეგისთვის 39-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა, ვიდრე იაშვილს. ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში ხვიჩას წინ ახლა მხოლოდ თემურ ქეცბაია (17) და შოთა არველაძე (26) არიან.

📋 | ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები და სხვა საინტერესო ფაქტები ნახეთ აქ

ნაკრები | სანიოლი: უფრო მეტი გვინდა

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მთლიანობაში კმაყოფილია. "ჩვენ საქართველო ვართ, კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე." - განაცხადა ფრანგმა.

📋 | სანიოლის კომენტარები ვრცლად ნახეთ აქ.

ნაკრები | დე ლა ფუენტე: თითქოს წავაგეთ

საქართველოსთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო გავიმ, რომელსაც სავარაუდოდ ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და თუ ეს დადასტურდა, მისთვის არათუ ეს სეზონია დასრულებული, არამედ ევროპის ჩემპიონატსაც, დიდი ალბათობით, გამოტოვებს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების მთავარ,ა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ სწორედ გავის უმძიმეს ტრავმაზე ისაუბრა. "მძიმე მომენტია გავისთვის, ბარსელონასთვის და ჩვენთვის. განადგურებული ვართ და გასახდელში ისე ვიყავით, თითქოს წავაგეთ." - თქვა მან.

📋 | დე ლა ფუენტეს კომენტარი ვრცლად ნახეთ აქ.

ძიუდო | ორი ოქრო გერმანიიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანის ნაკრებს 4:1 აჯობეს. მანამდე გერმანიის ქალაქ პოტსდამში ასპარეზობა ინდივიდუალურ შეჯიბრში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლები საბა ინანეიშვილმა (+100 კგ.) და ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ.) მოიპოვეს.

📋 | გადამწყვეტი ბრძოლები და სრული მიმოხილვა ნახეთ აქ.

NBA | ბითაძის რვიანები და 4 დაფარება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძე თავის ყოფილ გუნდს, ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და მეტოქე 128:116 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო ხუთეულში იყო და 22:23 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება (!) დააგროვა. გოგამ თამაშიდან 5-დან სამი სროლა გამოიყენა და აქედან ყველა ორქულიანი იყო, მას პერიმეტრიდან ერთხელაც არ უსვრია, საჯარიმოს ხაზთან კი ორჯერ დადგა და ორივეჯერ ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ორჯერ დაჯარიმდა. მატჩის ერთ-ერთი ჰაილაითი მაილს ტერნერზეც მისი დაფარება იყო.

📋 | მიმოხილვა და ბითაძის დაფარება ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები