Thumbnail

რაგბი ევროპის სუპერთასი | ნახევარფინალში შავი ლომის მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული ფრენჩაიზი დეკემბრის დასაწყისში ესპანურ იბერიანსს უმასპინძლებს
  • ფინალის მე-2 საგზურისთვის თელ ავივ ჰითი და რუმინული ვულვსი იბრძოლებენ

გაირკვა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ნახევარფინალში ეთამაშება.

ქართველი მორაგბეების მომდევნო მოწინააღმდეგე ესპანური კასტილია ლეონ იბერიანსი იქნება, რომელსაც შავი ლომი ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდა და 4 ნოემბერს ავჭალის სტადიონზე 39:19 დაამარცხა. ნახევარფინალი ისევ თბილისში შედგება, თარიღი კი დასაზუსტებელია, 2 ან 3 დეკემბერს.

შეგახსენებთ, რომ წლეულს შეჯიბრისთვის ახალი, საკმაოდ უცნაური ფორმატი იქნა შემუშავებული. ამჯერად ჯგუფები არა რეგიონული, არამედ რეიტინგული პრინციპით დაკომპლექტდა. შედეგად, A ჯგუფში შავი ლომი, კასტილია ლეონ იბერიანსი (ესპანეთი), ლუზიტანოსი (პორტუგალია) და თელ ავივ ჰითი (ისრაელი) მოხვდნენ, ხოლო B-ში – რომანიან ვულვსი (რუმინეთი), ბრუსელს დევილსი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები) და ბოჰემია რაგბი უორიორსი (ჩეხეთი).

ჯგუფურ ეტაპზე გუნდებმა მხოლოდ სამ მატჩი ჩაატარეს, რომელთა შედეგებითაც ნახევარფინალში A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ A ჯგუფის გამარჯვებულს გუნდს, ამ შემთხვევაში, შავ ლომს, ნახევარფინალში მეტოქედ არა B ჯგუფის საუკეთესო (ლოგიკური სწორედ ეს იქნებოდა), არამედ, A ჯგუფისვე მესამეადგილოსანი ერგო და ამ მხრივ აშკარად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, დეკემბერის დასაწყისში შავი ლომი ესპანელებს უმასპინძლებს, მე-2 ნახევარფინალში კი თელ ავივ ჰითი რუმინულ ფრენჩაიზ ვულვსს შეხვდება. ეს მატჩი წესით ისრაელში უნდა გამართულიყო, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, ეს ვერ მოხერხდება და სავარაუდოა, რომ მასპინძელი ისევ კვიპროსული ლიმასოლი იქნება, სადაც გასულ უქმეებზე ჰითი შავ ლომს დაუხვდა და 27:29 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა იბერიანსისა და ჰითის გარდა, პორტუგალიურ ლუზიტანუშსაც აჯობეს (22:0), რომელიც აქამდე საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლა ყოველთვის ახერხებდა, ამჯერად კი, A ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და უკეთეს შემთხვევაში მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.

რაგბი ევროპა სუპერ თასს მესამედ ათამაშებს და წინა ორ შემთხვევაში, გამარჯვებული სწორედ ქართული ფრენჩაიზი რჩებოდა: შავმა ლომმა პირველ ჯერზე ხსენებულ ლუზიტანუშს 17:14 სძლია, შარშანდელი დეკემბრის ფინალში კი თელ ავივ ჰითს 29:17 მოუგო. 

რაგბი ევროპის სუპერთასი. 1/2-ფინალი. 2-3 დეკემბერი

შავი ლომი – იბერიანსი
ჰითი – ვულვსი

კომენტარები

ბოლო ამბები