Thumbnail

ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა - მისი კლუბი ესპანური ლიგის ლიდერთა შორისაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა
  • 29 წლის ბექა ბურჯანაძემ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 7 ქულა მოაგროვა

29 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ბურჯანაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ კონტრაქტი ესპანურ ლეიმა ბასკეტ კორუნასთან გააფორმა, ოვიედოსთან მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და მოგებაში თავისი წვლილიც შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბექა გალისიური კლუბის ღირსებას 2014-16 წლებშიც იცავდა, ამდენად, როდესაც მატჩის პირველი მეოთხედის მიწურულს მოედანზე გამოჩნდა, Palacio de Riazor-ზე შეკრებილი პუბლიკა მას განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა და შემდგომშიც ქართველი მძიმე ფორვარდს გამორჩეულად ქომაგობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველი მატჩის კვალობაზე ბურჯანაძე ურიგოდ ნამდვილად არ გარჯილა. ლეიმა ბასკეტმა 88:77 იმარჯვა, ბექამ კი 17 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მან 3-დან 2 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ქართველის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ლა კორუნიელებს 8 მატჩიდან 6 აქვთ მოგებული (მე-3 ადგილზე არიან) და თუკი ასე გააგრძელეს, უდავოა, რომ ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონიდან (LEB Gold) ელიტარულ ლიგა ენდესაში გადასასვლელად იბრძოლებენ. ბურჯანაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 24 ნოემბერს სტუმრად ტიზონა ბურგოსთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები