Thumbnail

ძალოსნობა | ასანიძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საბა ასანიძემ მექსიკაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი წარმატება მოუტანა
  • დარჩენილ დღეებში მსოფლიოს პირველობაზე კიდევ ექვს ქართველ ძალოსანს ვიხილავთ

ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლების მოპოვება მოახერხა ძალოსნობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ამ დღეებში მექსიკის ქალაქი გვადალახარა მასპინძლობს. თავის გამოჩენა საბა ასანიძემ მოახერხა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდა.

ასანიძემ ატაცში 149 კგ. დასძლია და მე-4 შედეგი დააფიქსირა, აკვრაში კი 184 კგ-ს გაუმკლავდა, მცირე ბრინჯაო აიღო და ჯამური 333 კგ-ითაც მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ყაზახმა იედიგე იემბერდიმ (336 კგ.) მოიპოვა, ვერცხლის მედალი კი თურქმენმა გაიგისიზ ტორაიევმა (335 კგ.) მოიპოვა. ამავე წონაში ჯამური 321 კგ-ით მე-8 პოზიციაზე გავიდა კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ნიკოლოზ ესართია.

მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე პირველი გიორგი ხარაზიშვილი (73 კგ.) გავიდა, თუმცა, ის უმედლოდ დარჩა (მე-6 შედეგი ჰქონდა).

მომდევნო დღეებში საქმეში კიდევ ექვს ქართველ ძალოსანს ვიხილავთ, რომელთა განრიგიც ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა): 21 ნოემბერი, 04:00 სთ. ზურაბ მსხალაძე (89 კგ.), 22 ნოემბერი, 01:00 სთ. გერვასი თაბაგარი (96 კგ.), 22 ნოემბერი, 04:00 სთ. ნათია გადელია (81 კგ.), 22 ნოემბერი, 22:00 სთ. გურამ ვეკუა (102 კგ.), 23 ნოემბერი, 01:00 სთ. მარიამ მურღვლიანი (87 კგ.), 23 ნოემბერი, 04:00 სთ. გიორგი კირვალიძე (109 კგ.).

საბა ასანიძისა და ნიკოლოზ ესართიას გამოსვლის მოკლე კოლაჟი.

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, November 19, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები