Thumbnail

ჯოკოვიჩის ტრიუმფალური წელი - მე-400 კვირა მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერის რანგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი ადგილი შეინარჩუნა ATP-ს რეიტინგში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კაცთა ჩოგბურთის ლიდერის რანგში მე-400 (!) კვირას იწყებს. ნოლე პირველი მოთამაშეა, რომელიც აღნიშნულ მაჩვენებლამდე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ჯოკოვიჩმა მორიგ ტრიუმფს წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიაღწია, რომლის ფინალშიც იტალიელი იანიკ სინერი 6:3, 6:3 დაამარცხა და ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება შესძლო. ნოლემ შემაჯამებელი შეჯიბრი მეშვიდედ მოიგო და ამ მხრივ ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რადგანაც უკან შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მოიპოვა.

ნოვაკს მართლაც ტრიუმფალური წელი ჰქონდა და მის შესახებ რამდენიმე ფაქტს ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი, სერბის პასუხი, როდესაც ჰკითხეს, რაღა უნდა გააკეთოს გაისად, რომ წლევანდელი საოცარი მაჩვენებლები გადაფაროს.

"ალბათ, დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიადა უნდა მოვიგო (იცინის). ვნახოთ. მე ყოველთვის მაღალი მიზნები და ამბიციები მქონდა. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჩემში ცეცხლი ისევ არის. ორგანიზმი კარგად მემორჩილება და გარშემოც ჩინებული გუნდი მყავს შეკრებილი. დიდი ტურნირებისთვის საჭირო მოტივაცია არსად წასულა და განწყობაც შესაბამისი მაქვს. არ ვიცი, ასეთივე სეზონი მექნება თუ არა, თუმცა, ფიზიკურად და მენტალურად ყველაფერი წერსიგში მაქვს".

ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის გუნდთან ერთად

ჯოკოვიჩის წელი ციფრებში

🎾 ნოვაკმა 12 ტურნირი ჩაატარა, რომელთაგან 7 მოიგო. ეს ტურში საუკეთესო შედეგია.

🎾 მას 61 მატჩში მხოლოდ 6 წაგება მოუგროვდა ანუ თამაშების 90%-ში იმარჯვა. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია. ნოლეს კარიერაში მესამედ მოხდა, რომ მან წლის განმავლობაში მატჩების 90% ან მეტი მოიგო.

🎾 სერბმა ვარსკლავმა კარიერაში მეოთხედ მოიგო დიდი სლემის 4 ტურნირიდან 3 – ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და აშშ-ს ღია პირველობა, უიმბლდონზე კი ფინალში ითამაშა.

🎾 სეზონის განმავლობაში ნოლემ დიდი სლემის მოგებული ტურნირების მიხედვით ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. მის აქტივში 24 ტიტულია, რაც როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

🎾 ჯოკოვიჩმა 2023 წელს ორ მასტერსზე იმარჯვა და ახლა აქტივში ამ რანგის 40 ტიტული აქვს. ამით მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

🎾 ნოვაკი ATP-ს რეიტინგში წელს პირველ ადგილზე მერვედ ასრულებს. ამ მხრივ მე-2 შედეგი ამერიკელ პიტ სამპრასს (6) გააჩნია.

🎾 ნოლეს ამჟამინდელი უპირატესობა კლასიფიკაციის მე-2 ნომერ კარლოს ალკარასთან  2 390 ქულას შეადგენს, არადა, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი ნომრობის უმთავრეს კანდიდატად სწორედ ესპანელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა.

🎾 ჯოკოვიჩი ტრადიციულად კარგი იყო საუკეთესოებთან მატჩებში. მისი ბალანსი TOP 10-ის წარმომადგენლებთან 17:4-ზე გახლავთ.

🎾 უკანასკნელი 15 სეზონიდან 13-ში ნოვაკს საუკეთესო შედეგი აქვს ათეულის წევრებთან მოგებული მატჩების მხრივ. გამონაკლისი მხოლოდ 2010 და 2017 წლებია.

🎾 ტურინში ჯოკოვიჩმა კარიერაში 98-ე ტიტული მოიგო. ამ მხრივ მას მხოლოდ როჯერ ფედერერი (103) და ჯიმი კონორსი (109) უსწრებენ, თუმცა, ნოლეს ტემპის გათვალისწინებით, ეს, მხოლოდ დროებითი ამბავი უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები