Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა და ვალიადოლიდში ესპანეთთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდისთვის ეს პლეი ოფის შეხვედრებამდე ბოლო თამაში იყო.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ და გურამ კაშიამ ისაუბრეს, რომლებმაც აქცენტი სწორედ ევრო 2024-ის პლეი ოფზე გააკეთეს.

ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, ეს შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ ვერ მოვიგეთ. ორ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ორივესთან მოვახერხეთ გოლის გატანა და კარგად თამაში. ჩემი აზრით, ორივე შეხვედრაში მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე შედეგი, რომელიც ტაბლოზე აისახა. მარტისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ვიქნებით და გავაკეთებთ იმას, რის გამოც ამდენი წელია ვშრომობთ".

გურამ კაშია: "ისეთი განწყობაა და მენტალიტეტი გვაქვს, ისეთი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გაჩნდა გუნდში, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომდევნო ორ მატჩს წარმატებით ვითამაშებთ. ძალიან რთული, დიდი წნეხი იქნება, თუმცა, გუნდის მეიმედება. ვიმედოვნებ, ყველა ჯანმრთელად იქნება და მხოლოდ წარმატებისთვის ვიბრძოლებთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 8 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზე გავიდა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

კომენტარები

ბოლო ამბები