Thumbnail

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გავიმ საქართველოსთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. ბარსას ნახევარმცველმა, სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ის ევროპის ჩემპიონატსაც კი გამოტოვებს.

ბევრი ფიქრობდა, რომ გავიმ ტრავმა ლუკა ლოჩოშვილთან შეჯახებისას მიიღო, მაგრამ ასე არ არის, რაც დაადასტურეს, როგორც ქართველმა მცველმა, ისე ესპანელთა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ. ამ უკანასკნელმა თამაშის მერე თქვა, რომ გავის ტრავმა ფეხში ჩარტყმის შედეგად არ მიუღია.

ესპანელის ტრავმას სოციალურ ქსელში ლოჩოშვილიც გამოეხმაურა: "უამრავ შეტყობინებას ვიღებ გავის ტრავმასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავსი რამ ხდება, უფრო მძიმეა, როცა ეს შენთან ორთაბრძოლაში ხდება, მაგრამ მან ტრავმა სხვა ეპიზოდში მიიღო და არა ჩემთან დუელში. მას ძალიან მალე გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას ვუსურვებ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 8 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზე გავიდა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

კომენტარები

ბოლო ამბები