Thumbnail
  • იტალიური მედია ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა
  • კვარა ნეაპოლში ბრუნდება და ვალტერ მაძარისთან მუშაობას დაიწყებს

შოტლანდიასთან და ესპანეთთან ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა - 3 გოლი გაიტანა. იტალიური მედია კვარას ასეთ თამაშს გამოეხმაურა, მით უფრო, რომ ნეაპოლში მას ვალტერ მაძარის სახით ახალი მწვრთნელი დახვდება.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ მაძარიმ პირველ რიგში კვარას კარგ ხასიათზე დაბრუნება უნდა სცადოს, რაც მხოლოდ თავისუფალი გონებით იქნება შესაძლებელი - ხვიჩამ მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქროს და მწვრთნელის ნდობა უნდა იგრძნოს:

"ნაკრებში ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა: ეს საუკეთესო სავიზიტო ბარათია, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელია ახალ მწვრთნელს კასტელ ვოლტურნოში გაეცნობა. მაძარიც სიამოვნებით შეხვდება თავის "დამატებით კაცს", მას, ვინც სხვებზე მეტად უნდა გადაჭრას გუნდის პრობლემები თავისი კლასით. ოთხ დღეში ჩატარებული ორი მატჩის გამო მისი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება იქნება საჭირო, მაგრამ პირველ რიგში, ქართველს თავისუფალმა გონებამ უნდა დაუბრუნოს ის ღიმილი, რომელიც "აძურიში" ცოტა ხნის წინ დაკარგა".

"კორიერე დელო სპორტი" კი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ბაიერნი, ბარსელონა და რეალი არიან დაინტერესებული (ვილი სანიოლის სიტყვებზე დაყრდნობით). შესაბამისად, გაზეთის ცნობით, ნაპოლი კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

"როდესაც ნაპოლი არსებულ პრობლემებს დაძლევს და მოახერხებს შედეგების დასტაბილურებას, კვარაცხელიას კონტრაქტზე საუბარი აუცილებლად განახლდება. გარდაუვალია, რომ მისით დაინტერესდებიან ისეთი საფეხბურთო გიგანტები, როგორებიც ბაიერნი, ბარსელონა და რეალი არიან. ვინ იფიქრებდა, რომ მას დედამიწაზეც შეამჩნევდნენ და არა მხოლოდ მარსზე?".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 25 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები