Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს პლეი ოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება
  • ფეხბურთის ფედერაციამ კვარას დისკვალიფიკაციის ამბავი დაადასტურა

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს!

ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მესამე გაფრთხილება მიიღო და როგორც გაირკვა, დისკვალიფიკაცია პლეი ოფის ნახევარფინალზეც მოქმედებს.

"ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს." - ვკითხულობთ სფფ-ის ვებგვერდზე, სადაც ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებაც გამოქვეყნდა.

დავით მუჯირი: “როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს. 21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია.“

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება თუ აზერბაიჯანს, ეს დღეს დაგეგმილ მატჩზეა დამოკიდებული - თუკი ყაზახეთის ნაკრები სტუმრად სლოვენიას დაამარცხებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა, მაშინ პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება, ხოლ თუ ყაზახეთი ევრო 2024-ის საგზურს დღეს ვერ მოიპოვებს, ამ შემთხვევაში პლეი ოფის ნახევარფინალში ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ლუქსემბურგი იქნება.

23 ნოემბერს დაგეგმილია წილისყრა, რომელზეც გაირკვევა, რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალში.

კომენტარები

ბოლო ამბები