Thumbnail

ბულგარეთის პრემიერი ფანების აქციის დაშლის შემდეგ გადადგომას აპირებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბულგარელი ფანები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
  • ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დანკოვმა მანიფესტაციის დაშლა დაგმო

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ფანების აქცია პოლიციამ დაშალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, ის პოსტს დატოვებს

4 დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩის წინ ბულგარელი ფანები ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბნენ. გულშემატკივრები ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაყენებას ითხოვენ, მიზეზი მარტივია - 20 წელზე მეტი გავიდა, რაც ბულგარეთის ნაკრებს დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშია. 

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე ათეული ფანი. დენკოვის აღშფოთება, კი მანიფესტაციის დაშლის მეთოდებმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც დაშავდა 12 ადამიანი, მძიმე დაზიანება, კი ოთხმა პირმა მიიღო.

“თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ მოქმედებებს ძალადობად არ ჩათვლის და სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავს, არ ახსნის, თუ დროდადრო რატომ ხდება მსგავსი რაღაცები, პრემიერ-მინისტრის პოსტს დავტოვებ. არ შეიძლება პოლიციელების მხრიდან ძალადობა ნორმალურ ქცევად მივიღოთ. ვერ ვიქნები იმ ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს ქუჩაში სასტიკად უსწორდება. პოლიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც დაუცველი ხალხის, ბავშვებისა და ქალების ხელკეტებით ცემას ჩვეულებრივ მოქმედებად მიიჩნევს. ეს ყველაფერი მიუღებელია,” - განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.

ბფფ-ის პრეზიდენტი 18 წელია ბორისლავ მიხაილოვი გახლავთ. ბულგარელი ფანები ნაკრების წარუმატებლობაში მას ადანაშაულებენ. გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ფეხბურთის რეგრესი ფედერაციაში არსებული კორუფციითა და არაკომპეტენტურობით  არის განპირობებული.

კომენტარები

ბოლო ამბები