- საქართველოს ნაკრებს მექსიკაში მიმდინარე ტურნირზე უკვე 2 მედალი აქვს
- დარჩენილ დღეებში მსოფლიოს პირველობაზე კიდევ ხუთ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ
ქართველი ძალოსანი ზურაბ მსხალაძე (89 კგ.) მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მსხალაძემ ჯამური 6 ცდიდან 4 გამოიყენა. მან ატაცში 155 კგ-ით მე-4 შედეგი დააფიქსირა და ასევე მე-4 იყო აკვრაშიც (191 კგ.), თუმცა, საერთო მაჩვენებლის (346 კგ.) მხრივ, მსოფლიოს პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა და კვარცხლბეკზე ასვლის უფლება მოიპოვა.
ქართველი ძალოსანი ჯამში მხოლოდ 2 კგ-ით ჩამორჩა ვერცხლის მედალოსან ინჰაცი პაულიკავეცს (ბელარუსი, რომელიც ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში გამოდიოდა), ჩემპიონი კი ამერიკელი ელაია ჯეიმს ჰეინი (351 კგ.) გახდა.
შეგახსენებთ, რომ მსხალაძემდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ასანიძემ (81 კგ.), მომდევნო დღეებში კი ფიცარნაგზე კიდევ ხუთ ძალოსანს ვიხილავთ: რომელთა განრიგიც ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა): 22 ნოემბერი, 01:00 სთ. გერვასი თაბაგარი (96 კგ.), 22 ნოემბერი, 04:00 სთ. ნათია გადელია (81 კგ.), 22 ნოემბერი, 22:00 სთ. გურამ ვეკუა (102 კგ.), 23 ნოემბერი, 01:00 სთ. მარიამ მურღვლიანი (87 კგ.), 23 ნოემბერი, 04:00 სთ. გიორგი კირვალიძე (109 კგ.).
კომენტარები