Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელი Foot Mercato-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა
  • 46 წლის ფრანგს გადაწყვეტილი არაფერი აქვს, მაგრამ არაფერს გამორიცხავს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფრანგულ Foot Mercato-ს საქართველოს ნაკრებსა და თავის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ინტერვიუ 19 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ გამოქვეყნდა.

46 წლის ფრანგ სპეციალისტს, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან მუშაობს და კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს უმთავრდება, გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფი ელის. თუმცა, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის დადების შემთხვევაშიც კი, ვილი სანიოლი დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა თანამდებობაზე მუშაობას.

"საქართველოს ნაკრებში ჩემი გაწეული სამუშაოს წარმატებულად თუ წარუმატებლად შეფასება ევროზე კვალიფიცირებასა თუ საგზურის გარეშე დარჩენაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი წარმატება არის ის, რომ გვაქვს შანსი, ევრო 2024-ზე მოვხვდეთ. როდესაც პლეი ოფში ხვდები, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის გავლის სურვილიც გიჩნდება, რადგან ამ მიზნისთვის ლამის სამი წლის განმავლობაში ატარებდი მატჩებს...

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვის ჩრდილოეთ მაკედონია მისაბაძია, მაგრამ ის სამაგალითოა, როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი ტურნირზე მოხვდა. თანაც, ევროზე თამაშის შემდეგ, ჩვენ მათ ერთა ლიგაში ორივე თამაში მოვუგეთ (3:0 სკოპიეში და 2:0 თბილისში). ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ გვეთქვა - თუკი მათ მოიპოვეს საგზური, ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკეთება.

იმისათვის, რომ არცთუ იოლ პირობებში, შეზღუდული საშუალებებითა და რესურსით იმუშაო, ყოველდღიური მოტივაცია გჭირდება. არ არის გამორიცხული, პლეი ოფში წაგების, ან პირიქით, ისტორიული მიღწევის შემთხვევაშიც, მუშაობის გაგრძელება რთული აღმოჩნდეს. ეს დიდ ენერგიას და მოტივაციას მოითხოვს. უბრალოდ, რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაც სხვა იყოს საჭირო, განსხვავებული ხედვებით, რომელიც იმპულსის მომცემი იქნება. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია. 

როდესაც პროფესიული კუთხით საქმეები კარგად მიდის, ჩნდება ბევრი პროექტი. დღეს გაცილებით მეტი ვარიანტი მაქვს, ვიდრე 3-4 წლის წინ. ეს მაძლევს საშუალებას, ახალ პროექტებზე ვიფიქრო. ოღონდ, ჯერ არ ვიცი, ეს კლუბი იქნება თუ ნაკრები, ან რომელი ქვეყანა თუ კონტინენტი იქნება".

ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის თავისებურებაზეც ისაუბრა: "საქართველოში ჩემი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თამაშის წინა 2-3 კვირიანი სამზადისით. სამუშაო გაცილებით გლობალურია. დიდ დროს ვატარებ ადგილობრივი ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, დავდივარ ადგილობივი ჩემპიონატის მატჩების სანახავად, მეტწილად ბათუმში. აქაური ფედერაციის ფინანსური შესაძლებლობები განსხვავებულია იგივე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის რესურსისგან. აქ ყოველ ევროს ვითვლით და საჭიროა ნებისმიერი რესურსის ოპტიმიზირება".

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურისთვის ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში 2024 წლის 21 მარტს, "დინამო არენაზე" ლუქსემბურგს უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში კი 26 მარტს, პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება. ფინალის მასპინძლის ვინაობა 23 ნოემბერს გამოცხადდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები