Thumbnail
  • 'როდესაც კალათბურთელს დაცვაზე ასეთი წნეხის მოხდენა შეუძლია, ძალიან მაგარია'
  • სან ანტონიო სპურსის ერთ-ერთმა ლიდერმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა

სან ანტონიო სპურსში მომრავლებული ტრავმიანობის ფონზე ბოლო მატჩებში საგრძნობლად გაიზარდა სანდრო მამუკელაშვილის სათამაშო დრო, რასაც ის კარგად იყენებს. ქართველი კალათბურთელი მოედანზე საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამჯერად, სანდროს პლუსებზე სპურსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაკ კოლინსმა (საშუალოდ 14.9 ქულა, 6.1 მოხსნა) ისაუბრა.

"ის ყოველთვის მზადყოფნაშია. შანსი რა დროსაც არ უნდა მისცეთ, მოედანზე გავა და თავის საქმეს გააკეთებს. ის უბრალოდ მამუა. მართალი გითხრათ, მისი წარმატება ძალიან მახარებს. უკვე გასულ სეზონში გვაჩვენა, რაც შეუძლია და მართალია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ახლა, თამაში იშვიათად უწევს, ყოველთვის იმისკენ არის მიმართული, რომ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს".

მამუკელაშვილი საოცარი ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა და თითქოს NBA-ში ამ მხრივ უნდა უჭირდეს, თუმცა, მოედანზე ეს ნამდვილად არ იგრძნობა ხოლმე. განსაკუთრებით შეტევაში ის ყოველთვის აგრესიულად გამოიყურება. ამაზე ყურადღებას კოლინსიც ამახვილებს.

სანდრო მამუკელაშვილი და ზაკ კოლინსი ორლანდოელი მარკელ ფულცის წინააღმდეგ

"ეს მართლაც შესამჩნევია. ცხადია, რომ ლიგაში მასის მხრივ ყველაზე გამორჩეული მაღალი არაა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის. პირდაპირ შენზე მოდის და როდესაც გეჯახება, შეუძლებელია, ეს არ იგრძნო. ნამდვილად ფასეული უნარია. ბოლო მატჩებშიც, როდესაც შეტევაში ყველაფერი კარგად არ წაგვივიდა და ეფექტურად ვერ გამოვიყურებოდით, უბრალოდ, ბურთი მას მივეცით და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. მამუ პირდაპირ იერიშზე წავიდა, რამდენიმე ბურთი ჩააგდო, თუ არადა, მასზე ფოლებს იღებდნენ და საჯარიმოებს ესროდა. როდესაც კალათბურთელს დაცვაზე ასეთი წნეხის მოხდენა შეუძლია, ძალიან მაგარია".

შეგახსენებთ, რომ სან ანტონიომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელთან კონტრაქტი გასული წლის მარტში გააფორმა და სეზონის დარჩენილ პერიოდში (19 თამაში) სანდროს საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა: საშუალოდ 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი 23.3 წუთში. მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილი მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და კოლინსიც სწორედ ამაზე საუბრობდა.

საკრამენტო კინგსთან შეხვედრაში (120:129) ქართველმა ლეგიონერმა 12 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო მემფის გრიზლისთან თამაშში (108:120) სანდრო მოედანზე 11 წუთი გამოჩნდა და მისი მონაგარი 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება იყო. მამუკელაშვილი ვერ ვიხილეთ დღეს ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩში (99:124), თუმცა, სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, იმედია, რომ მას შანსი ისევ მიეცემა.

საქმე ის გახლავთ, რომ სპურსს უკვე ზედიზედ 9 წაგება მოუგროვდა (საერთო ჯამში, 3 მოგება და 11 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა) და სავარაუდოა, რომ მიმდინარე სეზონშიც მალე დაკარგავს პლეი ოფში გასვლის შანსს, რის შემდეგაც სათადარიგო კალათბურთელებს და მათ შორის, მამუკელაშვილსაც სოლიდური სათამაშო დრო დაეთმობათ. სან ანტონიოს მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს ისევ კლიპერსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები