- საქართველოს ქალთა ნაკრები მე-10 ადგილზე გავიდა, ვაჟებს კი მე-11 შედეგი ჰქონდათ
- გუნდურისგან განსხვავებით, ინდივიდუალურად ქართველებს კარგი შედეგები ჰქონდათ
საქართველოს ქალთა და კაცთა საჭადრაკო ნაკრებები მედლების გარეშე დარჩნენ მონტენეგროს ბუდვაში დასრულებულ ევროპის გუნდური ჩემპიონატზე, თუმცა, ინდივიდუალურ ასპარეზზე მათ სოლიდური შედეგები ჰქონდათ.
საქართველოს ქალთა გუნდი ტურნირში პირველი განთესვით ჩაება, თუმცა, 9 ტურში მხოლოდ 4 გამარჯვება იზეიმა და 10 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა. საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა: ბულგარეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ დაფაზე ნაჩვენები შედეგის (8-დან 6 ქულა) წყალობით, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა მერი არაბიძემ, ხოლო სალომე მელია (6-დან 4) ბრინჯაოს მფლობელი გახდა. მათ გარდა, ბუდვაში ბელა ხოტენაშვილმა – 1.5 (7), ნინო ბაციაშვილმა – 4 (8) და ლელა ჯავახიშვილმა – 4 (7) ითამაშეს.
ვაჟთა ჩემპიონატში სასტარტო სიაში 23-ე ნომრად განთესილი საქართველოს ნაკრები 11 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.
სათქმელია ისიც, რომ ბაადურ ჯობავამ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. მის გარდა, ნაკრებში ლუკა პაიჭაძე – 3 (6), მიხეილ მჭედლიშვილი – 4.5 (8), ნიკოლოზ კაჭარავა – 4 (7) და გიგა ყუფარაძე – 3.5 (6) ირიცხებოდნენ.
კაცთა შორის ჩემპიონი სერბეთის ნაკრები (15) გახდა, ვერცხლი გერმანელებს (15) ერგოთ, ბრინჯაო კი – სომხებს (13).
კომენტარები