- Globe Soccer-მა 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა
- მსოფლიო ფეხბურთის 30 ვარსკვლავს შორის ნაპოლის ქართველი შემტევიც მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ყოველწლიური პრესტიჟული პრემიის ნომინანტთა შორის მოხვდა. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე სულ 30 მოთამაშეა წარდგენილი, რომელთა შორის არიან: მესი, რონალდო, მბაპე, ჰაალანდი, ლევანდოვსკი, ბელინგები, ვინისიუსი და სხვები.
Globe Soccer Awards-ის პრემიებს სხვადასხვა ნომინაციებში წლის რჩეულებს ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) და ევროპის საფეხბურთო აგენტთა ასოციაცია (EFAA) ერთობლივად გადასცემენ. რიგით მე-14, 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონია მომავალი წლის 19 იანვარს, დუბაიში გაიმართება.

Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო კაცი მოთამაშის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ნიკოლო ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, იასინ იბონო, რუბენ დიაში, ედერსონი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, ერლინგ ჰაალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, კიმ მინ ჯე, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ედეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, კრიშტიანო რონალდო, ბუკაიო საკა, ვინისიუს ჟუნიორი, ბერნანრდო სილვა, მოჰამედ სალაჰი.
გულშემატკივრებს ორგანიზაციის საიტზე ხმის მიცემით თავიანთი რჩეულის დასახელება 7 დეკემბრამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც ნომინანტთა შორტ-ლისტი შედგება. საბოლოოდ გამარჯვებულებს კი Globe Soccer-ის ჟიური გამოავლენს, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთში ცნობილი სახეები შევლენ, მათ შორის - ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილიასი, ლუიშ ფიგუ და მარჩელო ლიპი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გაზაფხულზე ნაპოლისთან ერთად "სკუდეტო" მოიგო და სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, France Football-ის "ოქროს ბურთზეც" იყო ნომინირებული, სადაც საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა, პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი კი არგენტინის ნაკრებისა და ინტერ მაიამის თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა.
ცნობისთვის, შარშან Globe Soccer Awards-ის "წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის" ჯილდო ქარიმ ბენზემამ მოიპოვა, "წლის გუნდად" კი მადრიდის რეალი დასახელდა.
კომენტარები