Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას ჩინებული სეზონი აქვს და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ვირტუს ბოლონია როგორც სერია A-ში, ასევე ევროლიგაში წარმატებულად თამაშობს.

სხვა საქმეა, რომ ქართველ კალათბურთელს დასვენების საშუალება იშვიათად უწევს და ბოლონიელთა მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი მას მაქსიმალურად ტვირთავს (თორნიკე იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 24.3 წუთს თამაშობს, ევროლიგაში კი – 30.04 წუთს).

ვირტუსის ქომაგები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა თოკოს ტრავმა გამოიწვიოს და უმჯობესი იქნება, თუკი მას რომელიმე მატჩში დასვენების საშუალებას მისცემენ. ბანკიმ კომენტარი სწორედ ამ საკითხზე გააკეთა.

"მოვა ის დღეებიც, როდესაც ის შედარებით ნაკლებს ითამაშებს, თუმცა, ახლა, საგანგებო სიტუაციაში ვიმყოფებით. ამდენად, შენგელიას მოუწევს ბოლომდე დაიხარჯოს".

თორნიკე შენგელია ბრეშასთან გუშინდელ მატჩში

შეგახსენებთ, რომ ვირტუსმა სერია A-ში ბოლოს გუშინ ითამაშა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით (26 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი) ბრეშას 88:76 სძლია. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, აღნიშნულ საკითხს თავად შენგელიაც გამოეხმაურა.

"ბრეშა ჩინებული გუნდია, რომელმაც გვაიძულა, რომ 40 წუთის განმავლობაში სერიოზული კალათბურთი გვეთამაშა. ასე ხშირად თამაში იოლი ნამდვილად არაა, თუმცა, ჩვენ ყველას მსგავსი გრაფიკი გაგვაჩნია და ამით რაიმეს გამართლება არ გამოვა. ყველანი პროფესიონალები ვართ და გვაქვს დრო, რათა დავისვენოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ".

ბოლონიელებს 8 ტურში 7 გამარჯვება მოუგროვდათ და იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. 26 ნოემბერს ბოლონიელები ბრინდისის ესტუმრებიან, თუმცა, მანამდე, ევროლიგის თამაშია: 23 ნოემბერს, შინ, თურქულ ფენერბაჰჩესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები