- საქართველო 0:4 ესპანეთი
- ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მარცხით დაასრულა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა მიზანს წინა ტურში მიაღწია, როდესაც ელიტ რაუნდის საგზური გაიფორმა, ბოლო ტურში კი პირველი ადგილისთვის ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა. თუმცა, მეტოქე ამ შეხვედრაში უფრო ძლიერი გამოდგა, რომელმაც ადვილად, 4:0 გაიმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ესპანელებს წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს, მეორე ნახევარში კი პირინელთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო. ანგარიში დანიელ როდრიგესმა გახსნა 53-ე წუთზე, რასაც მალევე იარეკ გასიოროვსკის გოლი მოჰყვა. ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა მატჩის მიწურულს ორი გოლით უპირატესობა კიდევ გაზარდა: თავის გამოჩენა მიგელ კარვალიომ და იანის სენ ჰაჯიმ მოახერხეს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მანამდე კვიპროსი (2:0) და მოლდოვა (2:1) დაამარცხა, შედეგად, 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რაც ელიტ რაუნდში მოსახვედრად საკმარისი იყო. პირველი პოზიცია ესპანეთს ერგო (9 ქულა), მესამე კვიპროსს (3) და მეოთხე მოლდოვას (0).
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 52 ნაკრები 13 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ელიტ-რაუნდში კი ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
აღნიშნულ 27 ნაკრებს ამ დონეზე უმაღლესი რეიტინგის მქონე პორტუგალია დაემატება და 28 ნაკრები შვიდ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ფინალურ ეტაპზე (გაისად, 15-28 ივლისს) ამ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, ევროპის ჩემპიონატის მე-8 მონაწილე კი მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდია იქნება.
საქართველო 0:4 ესპანეთი
გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიოროვსკი (58), 0:3 კარვალიო (85), 0:4 სენჰაჯი (86)
საქართველო (3-5-2): ბედიაშვილი - ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი - სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (73. ბერელიძე), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (46. ცეცხლაძე), ბასილაძე (65. მაშავა) - გოგსაძე (65. სამუშია), ავალიანი (46. შეროზია).
კომენტარები