- 23 წლის ქართველ ფორვარდს ამსტერდამის აიაქსში სათამაშო დრო არ ეძლევა
- მიქაუტაძის იჯარით დამატებას მეცის გარდა მარსელის ოლიმპიკიც განიხილავს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომლის ამსტერდამის აიაქსში ტრანსფერი წარმატებული ჯერჯერობით ვერ გამოვიდა, საფრანგეთში ჯერ კიდევ ახსოვთ. 23 წლის ქართველი ფორვარდით, რომელმაც გასულ სეზონში მეცის მაისურით ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა, მარსელის ოლიმპიკი ისევ ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აიაქსში სწორედ მეციდან გადავიდა, რომელთან ერთადაც 2023/24 წლების სეზონში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო (მიითვალა 2 გოლი და 1 საგოლე პასი). ვინაიდან ფეხბურთელს ერთი სეზონის განმავლობაში მესამე კლუბის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს, მიქაუტაძეს, რომელსაც აიაქსში თამაშის საშუალება იშვიათად აქვს, ნიდერლანდური გრანდის ზამთარში დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი მეცში დაბრუნდება. ამის შესაძლებლობაზე ფრანგულ მედიაში უკვე დაიწერა.
რაც შეეხება მარსელს, La Tribune Olympienne-ის ცნობით, კლუბში გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან და შესაძლოა, მომავალ ზაფხულს მისი იჯარაზეც იმუშაონ.
"მარსელის ოლიმპიკი აკვირდება გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებულ სიტუაციას. აიაქსში სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, ნიდერლანდური კლუბი შესაძლოა დაინტერესდეს მომავალ ზაფხულს მისი იჯარით, განსაკუთრებით საფრანგეთში".

სხვათა შორის, ბოლო დროს მედია ქართველი თავდამსხმელით დაინტერესებას, მეცისა და მარსელის გარდა, სერია A-ს ლაციოსაც მიაწერს.
გიორგი მიქაუტაძემ ამსტარდამის აიაქსის მაისურით ყველა ტურნირის 6 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.
კომენტარები