Thumbnail

ინგლისელი მწვრთნელი ბორჯღალოსნებში? კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • L'Équipe-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებს რიჩარდ კოკერილი ჩაიბარებს
  • 52 წლის მწვრთნელი ბოლოს მონპელიეში მუშაობდა, საიდანაც გუშინ გაათავისუფლეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფრანგული L'Équipe-ის ცნობით, ის 52 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილია, რომელიც ბოლოს TOP 14-ის წევრ მონპელიეს თავკაცი გახლდათ. როგორც ფრანგული გამოცემა იტყობინება, კოკერილთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ უკვე ხვალ, 23 ნოემბერს გამოცხადდება, ცოტა გაუგებრობას კი ხელშეკრულების ვადა იწვევს.

L'Équipe-ის ცნობით, საუბარია ორწლიან კონტრაქტზე, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც შემდეგი მსოფლიო თასი 2027 წელს არის დაგეგმილი, ამდენად, უცნაური იქნება, ახალმა მწვრთნელმა ბორჯღალოსნები 2 წლის განმავლობაში ავარჯიშოს, 2025 წელს კი, საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი თავკაცის ძიება დაიწყოს.

როგორც აღვნიშნეთ, კოკერილის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი მონპელიე გახლდათ. მან კლუბი მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩაიბარა და ჩემპიონატი სტად როშელთან მოგებით გახსნა, თუმცა, შემდეგ მონპელიელებმა ზედიზედ 6 მარცხი განიცადეს (ტულუზთან, სტად ფრანსესთან, რასინგთან, ბორდოსთან, კლერმონთანა და პერპინიანთან) და კლუბის ხელმძღვანელობაც გადამჭრელ ზომებს მიმართა.

რიჩარდ კოკერილმა ფრანგული მონპელიეს თავკაცის რანგში მხოლოდ 7 მატჩი გაძლო

ინგლისელი სპეციალისტის გათავისუფლება გუშინ მოხდა და უდავოა, რომ საქართველოს რაგბის კავშირს მასთან მოლაპარაკება მანამდე ექნებოდა დაწყებული, რიჩარდის ფრანგული კლუბიდან დათხოვნა კი, ალბათ, აღარაფერს შეცვლის და მას ბორჯღალოსნების დამრიგებლის რანგში ვიხილავთ.

კოკერილს მოთამაშის კარიერის (ჰუკერი იყო) განმავლობაში ქოვენთრის, ლესტერისა და კლერმონის ღირსება დაუცავს, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 მატჩში 3 ლელო აქვს დადებული. მან მწვრთნელობა 2005 წელს ლესტერში ფორვარდების დამრიგებლად დაიწყო, შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო ფრანგულ ტულონსა და შოტლანდიურ ედინბურგში, მონპელიეში დანიშვნამდე კი, ინგლისის ნაკრების ფორვარდების მწვრთნელი გახლდათ და უმუშავია როგორც - ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება წლევანდელი ჩაგდებული მსოფლიო თასის შემდეგ გაჩნდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა საფრანგეთში ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულეს. ბორჯღალოსნებმა ფრედ (18:18) ითამაშეს პორტუგალიასთან, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები