Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისთა ნაკრები იაპონიაში ერთ-ერთი ლიდერის გარეშე წავა
  • 2-3 დეკემბერს დაგეგმილ ტურნირზე ტატამიზე 17 ქართველი ძიუდოისტი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაგეგმილ წლის დასკვნით გრანდ სლემზე გამოვა, ცვლილებებია.

განახლებული განაცხადის თანახმად, ტურნირზე ვეღარ ვიხილავთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ტატო გრიგალაშვილს, რომელიც ბოლოს ნოემბრის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა და ფინალში თურქ ვედატ ალბაირაქთან (იგივე ვანო რევაზაშვილი) დამარცხდა.

გრიგალაშვილის ნაცვლად, 81 კგ-მდე წონით კატეგორიის განაცხადში ერთბაშად 2 ქართველი ძიუდოისტი გამოჩნდა: 20 წლის ლუკა ბაბუციძე და 19 წლის ალექსანდრე ლოლაძე, რომელიც ოქტომბერში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

საქართველოს ნაკრებს იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი შალვა გურეშიძე დაემატა

არის სხვა ცვლილებებიც. 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის გარდა, საქართველოს ნაკრების ღირსებას თენგო ზირაქაშვილი დაიცავს, მძიმე წონაში (+100 კგ.) კი, გურამ თუშიშვილის გარდა, ტატამიზე შალვა გურეშიძე გავა, რომელმაც იუნიორთა მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამგვარად, ტოკიოს გრანდ სლემზე, საერთო ჯამში, 17 ქართველი ძიუდოისტი (14 კაცი, 3 ქალი) გამოვა.

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი (ორივე – 66 კგ.), გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე (ორივე – 81 კგ.), ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (+100 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შარშან ტოკიოს გრანდ სლემზე კაცების ნაკრები მხოლოდ ლაშა ბექაურით იყო წარდგენილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირი კი მასპინძელთა სრული ტრიუმფით დასრულდა: მათ კაცებში 5 ოქროს მედალი მოიპოვეს (4 იაპონური ფინალი იყო), ქალებში კი შვიდივე (!) წონაში გაჩემპიონდნენ და აქედან ექვსში იაპონური ფინალი ვიხილეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები