Thumbnail
  • პიერ დრეოსიმ ნიდერლანდურ გამოცემასთან გიორგიზე ვრცლად ისაუბრა
  • მეცის სპორტული დირექტორის თქმით, ქართველი თავდასხმაში უნდა ათამაშონ

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის კარიერა ამსტერდამის აიაქსში ცუდად გაგრძელდა. მეციდან გადასვლის შემდეგ, 23 წლის ფორვარდს ნიდერლანდური გრანდის მაისურით ჯერ არც გოლი გაიტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია. ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ გიორგის თავის პოზიციაზე არ ათამაშებენ. უკვე გათავისუფლებული მორის სტეინი მას ძირითადად ფლანგზე აყენებდა, ახლად დანიშნულმა ჯონ ვან'ტ სხიპმა კი 10 ნომერზე ათამაშა.

მიქაუტაძის შესახებ Ajax Showtime მეცის სპორტულ დირექტორს, პიერ დრეოსის ესაუბრა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზე ბევრი ილაპარაკა.

"მიქაუტაძე განსაკუთრებული ბიჭი და განსაკუთრებული მოთამაშეა. ის არ არის მაღალი და სწრაფი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ის საჯარიმოს ფეხბურთელია. მას აქვს იმის უნარი, რომ მოძებნოს გამოსავალი ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს, თითქოს, შეუძლებელია. მისი საუკეთესო პოზიცია თავდასხმაა. როგორც ფორვარდს, მას აქვს კარგი დრიბლინგი და ბურთთან ერთად ძალიან სწრაფია, ბურთის გარეშე კი სისწრაფით არ გამოირჩევა.

აიაქსის შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა

თავდასხმის პოზიციაზე ის უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას სეზონში 20 გოლზე მეტის გატანა შეუძლია. გიჟი არ ვარ, მას ეს მართლა შეუძლია. თუ მის პოზიციაზე ათამაშებ, მიქაუტაძეს აქვს იმის უნარი, რომ გახდეს ძალიან კარგი და განსაკუთრებული ფორვარდი. ფლანგზე და თავდამსხმელის უკან თამაშზე თავს ვერ დავდებ.

წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს აშკარა იყო, რომ ის გუნდს დატოვებდა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მეცში სამი თამაში მაინც ჩაატარა. მან ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბევრი ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში თამაშს არ მოინდომებდა, რადგან სახიფათო იქნებოდა. მიქაუტაძემ კი ვარჯიში და თამაში გააგრძელა, რაც მის პიროვნებას აღწერს. მას ფანტასტიკური სული და კარგი მენტალიტეტი აქვს.

ბოლო შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო

ბევრ კლუბს სურდა მიქაუტაძის გაფორმება. კლუბებს იტალიიდან და ინგლისიდან, ასევე ისეთ გუნდებს საფრანგეთიდან, როგორებიც ლიონი და რენი არიან. გიორგიმ კი მითხრა, რომ ინგლისურ კლუბს ესაუბრა, მაგრამ იქ სათამაშოდ მზად არ იყო. მან აიაქსი აირჩია, რადგან ეს იყო კარგი კლუბი კარგი ფილოსოფიით. ის ძალიან ჭკვიანია. დამიჯერეთ, აიაქსი მას რამდენიმე წელიწადში ძალიან ძვირად გაყიდის. ამაზე არ იდარდოთ. 

ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მიქაუტაძისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. აიაქსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ ყოველთვის ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. კლუბი კარგ ფილოსოფიაზე არის აწყობილი. მჯერა, რომ ეს მიქაუტაძის კარიერისთვის სწორი ნაბიჯია", - აღნიშნა მეცის სპორტულმა დირექტორმა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის გუნდი პირველ მატჩს 26 ნოემბერს ერედივიზიეში ვიტესის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამული გრანდი ნიდერლანდების ჩემპიონატში 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. 

კომენტარები

ბოლო ამბები