Thumbnail
  • ქართველი ლეგიონერის გუნდს ევროლიგის მომდევნო მატჩი ფენერბაჰჩესთან ელის
  • BasketNews-მა ვირტუს ბოლონია სეზონის მთავარ აღმოჩენად დაასახელა

თორნიკე შენგელიას ვირტუსს ევროლიგის ეგიდით მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს, შინ, თურქულ ფენერბაჰჩესთან ელის და უდავოა, რომ ამ თამაშში ქართველ ფორვარდზე კვლავაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

შენგელიას კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი უდგას და ბოლონიელთა მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკიც მას მაქსიმალურად ტვირთავს. ამას ხელს იტალიურ კლუბში არსებული პრობლემებიც უწყობს. ვირტუსს სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა აკილე პოლონარა (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა), ცოტა ხნის წინ კი, ტრავმა მიიღო კიდევ ერთმა ფორვარდმა ჯორდან მიკიმ კი და ისიც თამაშგარე იმყოფება.

სირთულეების მიუხედავად, ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა BasketNews ევროლიგის მიმდინარე სეზონის რეიტინგში ბოლონიელებს საკმაოდ მაღალი ადგილი მიუჩინა და გუნდის წარმატების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ შენგელია დაასახელა.

ლუკა ბანკის ხელში შენგელიაც უკეთ ათამაშდა

საინტერესოა, რომ სეზონის წინ ვირტუსს 18 გუნდს შორის მხოლოდ მე-16 რეიტინგი ჰქონდა, მიმდინარე შედეგების გათვალისწინებით კი, BasketNews-მა იტალიურ კლუბს მე-4 პოზიციაზე დაასახელა და აღნიშნული ასე ახსნა:

"უდავოა, რომ ბოლონია მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზია. ლუკა ბანკიმ მსოფლიოს ჩემპონატზე ლატვიის ნაკრებთან ერთად ნამდვილი ზღაპარი შემოგვთავაზა, ახლა კი, მისი წარმატება საკლუბო დონეზეც გრძელდება. თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს აჩვენებს, შედეგად კი, ვირტუსი, რომელიც სეზონის აუტსაიდერებში მოიაზრებოდა, უკვე ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება. ცხადია, ისმის კითხვა, მოახერხებს თუ არა ბოლონია ამ დონეზე დარჩენას, თუმცა, თუნდაც პლეი ოფში გასვლა დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ".

შეგახსენებთ, რომ ვირტუსს 9 ტურში 6 მოგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. რეიტინგშიც მის წინ სწორედ ესპანური გრანდები და ასევე ფრანგული მონაკო იმყოფებიან. ბოლონიისა და ფენერბაჰჩეს (5 მოგება, მე-8 ადგილი) დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები