Thumbnail

Daily Mail: საქართველოს რაგბის კავშირს მწვრთნელობის 3 კანდიდატი ჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს სამი კანდიდატიდან არჩევს, ამდენად, პოსტზე ინგლისელი რიჩარდ კოკერილის დანიშვნა გადაწყვეტილი არაა.

შეგახსენებთ, რომ კოკერილი ბორჯღალოსნებთან გუშინ ფრანგულმა L'Équipe-მა დააკავშირა. დაიწერა, რომ მონპელიეს ყოფილ თავკაცთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო და სიახლის შესახებ უკვე დღეს უნდა გამოცხადებულიყო. როგორც სჩანს, სიტუაცია განსხვავებულია. აი, ბრიტანელთა ვერსიაც.

"საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდებობა გასული მსოფლიო თასის შემდეგ დატოვა, თუმცა, რაგბის კავშირში მუშაობას აგრძელებს. მის შემცვლელთა სავარაუდო სიაში 3 კანდიდატი ფიგურირებს, რომელთაგან ორის ვინაობა არ ვიცით, ერთი კი ინგლისელი რიჩარდ კოკერილია. მისი დანიშვნა ჯერ გადაწყვეტილი არაა. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირს სხდომა, სადაც ახალი თავკაცის ვინაობა უნდა გაირკვეს, ჯერ ჩანიშნულიც არ აქვს. სხვა საქმეა, რომ როგორც პირველხაზელი ფორვარდი, კოკერილი საქართველოს ნაკრებს სწორედაც რომ სრულად შეესაბამება. მათი ძირითადი პლუსი სწორედ შერკინებაშია და მართალია, განვითარებას მის გარეთაც ცდილობენ, ვფიქრობთ, რომ წამყვანი ძალა ყოველთვის ფორვარდები იქნებიან. ჩვენი აზრით, ქართველებისთვის მისაღები უნდა იყოს კოკერილის ხისტი მიდგომებიც".

საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება წლევანდელი ჩაგდებული მსოფლიო თასის შემდეგ გაჩნდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა საფრანგეთში ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულეს. ბორჯღალოსნებმა ფრედ (18:18) ითამაშეს პორტუგალიასთან, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები