Thumbnail

'Place of power, it’s gotta be'

ასე აღნიშნავს The Witcher კომპიუტერული თამაშის გმირი იმ ადგილებს, სადაც განსაკუთრებულ ენერგეტიკას გრძნობს. დარწმუნებული ვარ, თამაშის მოქმედება ნიუ-იორკში რომ ვითარდებოდეს, “მედისონ სქუეარ გარდენში” ის იმავეს იტყოდა. 


ძალის ადგილი. ადგილი, სადაც მსოფლიო სპორტის საუკეთესო მატჩები იმართება, სადაც ახდა არაერთი ოცნება და კიდევ უფრო მეტი დაიმსხვრა და სადაც 12 ნოემბერს, ბრძოლების ფანტასტიკური საღამოს შემდეგ, UFC-ს ორი ახალი ჩემპიონი დავაგვირგვინეთ. 10 დღის შემდეგ, მშვიდი გულითა და ცივი გონებით, მოდით, იმ საღამოს მთავარ შედეგზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. 

ალექს პერეირა - And New!

როგორც იქნა, თითქმის სამწლიანი არეულობის შემდეგ, ქვემძიმე დივიზიონს ლეგიტიმური ჩემპიონი ჰყავს. UFC-ში ჩატარებული სულ რაღაც 7 ბრძოლის შემდეგ, ალექს Poatan პერეირამ ირჟი პროჰაზკა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ისედაც ბრწყინვალე კარიერას კიდევ ერთი რეგალია შეამატა. კიკბოქსინგის ორი დივიზიონის და UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ქვემძიმე წონის ტიტულიც მოირგო და უკვე მერამდენედ შეგვიცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი პროფესიონალურ სპორტში. თუმცა, მივყვეთ რიგ-რიგობით.

დავიწყოთ იმით, რომ ბრძოლის დაწყებამდე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მზერათა დუელი ვიხილეთ. კვირაზე მეტი გავიდა და ახლაც თვალწინ მიდგას სურათი: პერეირას ფოკუსირებული, ცივი მზერა, რომელსაც წამის მეასედითაც არ აშორებს მოპირდაპირედ მდგომ მშვიდ, თუმცა სერიოზულ პროჰაზკას. ირჟი მას თავს ნელა უქნევს, თითქოს ანიშნებს - ბრძოლისთვის მზად ვარ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაინც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ნათლად ჩანს, ორივე მებრძოლს თანაბრად აქვთ გააზრებული, რომ ომში მიდიან და რაც არ უნდა მოხდეს, ამ ომიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთი გამოვა…

გამარჯვებული დაპირისპირების მე-2 რაუნდის მიწურულს გამოვლინდა. პროჰაზკას მიერ აგრესიული შეტევის შემდეგ, მოხდა სწორედ ის, რაზეც ამ ივენთის პრევიუში გაგაფრთხილეთ: პერეირას კონტრდარტყმა. პერეირას წინააღმდეგ შეტევების შენიღბვის გარეშე განხორციელება აბსოლუტურად დაუშვებელია - ორთაბრძოლების ისტორიაში საუკეთესო მარცხენა ჰუკი ყველგან გიპოვის. პროჰაზკაც გახდა მორიგი მებრძოლი, რომელმაც ეგ საკუთარ თავზე გამოსცადა. 

თუმცა, ჰუკამდე ბევრი რამ მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი - პერეირას დარტყმები ფეხებით. მაინც მგონია, რომ ადამიანთა უმეტესობა ვერ იაზრებს, რამდენად დამაზიანებელია ეს ილეთი მეტოქისთვის. განსაკუთრებით პერეირას შესრულებით. ფაქტი სახეზეა: ორი-სამი ქიქი წვივის უკანა ნაწილში და პროჰაზკა იძულებული იყო დგომა შეეცვალა. პერეირას ქიქები ბრძოლაზე იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს, სატიტულო მატჩის მისი მთელი სტრატეგია, ფაქტობრივად, ამ ერთ ასპექტზე იყო აგებული. თუ დააკვირდებით, პერეირა ირჟისთან დგომში დარტყმების გაცვლით დიდად დაინტერესებული არ იყო. ამის ნაცვლად, მან დისტანციაზე ფეხების დარტყმით შეტევები აირჩია. რაც ძალიან ჭკვიანურია - პროჰაზკას ნაირ არაპროგნოზირებად ქარიშხალთან ბრძოლისას, ჯობია ჯერ ფეხები დაუზიანო, მოძრაობის (და შესაბამისად, შეტევის) უნარი შეუზღუდო და მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ შეტევებზე გადახვიდე… ან, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მეტოქე შეცდომაზე კონტრდარტყმით გამოიჭირო.

მშვენივრად შესრულებული, ჭკვიანური გეგმა, რომელიც რისკების მაქსიმალურად შემცირების და პერეირას უპირატესობების გარშემო იყო შედგენილი. არაფერი ზებუნებრივი, კომპლექსური ან სენსაციური - კლასიკური “პოატანი”. რაღაც კუთხით, MMA-ში მისი გადმოსვლის შემდეგ, დგომში პერეირასგან ბევრ სიახლეს ვერ ვხედავთ. ეს, რა თქმა უნდა, გასაგებია - თანამედროვე ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი, პერეირა ამ თვალსაზრისით “დასრულებული” პროექტია. მისი სტილი სრულიად ჩამოყალიბებულია და მასში რადიკალური ცვლილებების შეტანა არც მარტივია, არც პრაქტიკული. თუმცა, უდიდესი შეცდომა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ UFC-ს დებიუტის შემდეგ პერეირა, როგორც მებრძოლი, არ განვითარდა.

კი, თეიქდაუნების დაცვა და ზოგადად ჭიდაობა “პოატანის” სუსტ წერტილად რჩება. შონ სტრიკლენდის გარდა, პერეირასთან თეიქდაუნის განხორციელება მისმა ყველა მეტოქემ მოახერხა. მაგრამ თეიქდაუნის გარდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მის შემდეგ ხდება. კერძოდ კი - დიდი ვერაფერი, რადგან პერეირას ოპონენტები პარტერში ვერანაირ სერიოზულ წარმატებას აღწევენ. გრეპლინგში გამოუცდელობის და ნაკლოვანების მიუხედავად, პერეირა ეფექტურად ახერხებს როგორც ground-and-pound-ის, ასევე საბმიშენების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. პერეირას ათლეტურობასთან კომბინაციაში ასეთი, დაცვაზე ორიენტირებული, მომთმენი სტრატეგია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ალექსმა სწორ დროს ფეხზე ადგომა და ბრძოლის მისთვის სასურველ განზომილებაში დაბრუნება მოახერხოს… ყოველ შემთვხევაში, ჯერჯერობით. საინტერესოა, რამდენად შეძლებს “პოატანი” იმავეს მაგომედ ანკალაევის ნაირ ძლიერ მოჭიდავესთან და იმედია, ამას მალე გავიგებთ. მანამდე კი, არ შეცდეთ: გლოვერ ტეიშერას გრეპლინგის გაკვეთილები უშედეგო ნამდვილად არაა.

გააჩერეს თუ არა ბრძოლა ნაადრევად?

პერეირას შთამბეჭდავი გამოსვლის მიუხედავად, საკამათო მომენტს თავი მაინც ვერ ავარიდეთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რეფერის მხრიდან ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილებაზე - იყო თუ არა ის ნაადრევი? არ მოგატყუებთ, ლაივში ყურებისას, მეც მომეჩვენა, რომ გაჩერება ნაადრევი იყო. თუმცა, მეორედ (მერე კი - მესამედ, მეოთხედ და მეათედ) ყურებისას ვაღიარე, რომ რეფერი მარკ გოდარდის გადაწყვეტილება ნამდვილად სწორი და დროული იყო.

სანამ შემეწინააღმდეგებით, თქვენი ყურადღება ერთ რამეზე მინდა გავამახვილო. მებრძოლთა უმეტესობა ოქტაგონზე გამოსვლისას სიკვდილისთვის უფრო მზადაა, ვიდრე წაგებისთვის. არ ვაზვიადებ: სხვადასხვა ინტერვიუში ამას ბევრი სპორტსმენი აღნიშნავს. MMA-ში ლეტალური შედეგი შედარებით იშვიათია, თუმცა, უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა და ამას შეჯიბრის ყველა მონაწილე კარგად იაზრებს. ამის გარდა, ამ სპორტში წარმატების მისაღწევად კონკრეტული მენტალობა სჭირდება და სიკვდილის შესაძლებლობის მიღება ამ მენტალობის ბნელი მხარეა. თუმცა, როგორი მზაობაც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ათლეტს, ჩემპიონობისთვის სიცოცხლე გაწიროს, გლადიატორების დროში აღარ ვცხოვრობთ. შერეულ ორთაბრძოლებს გარკვეული წესები გააჩნია და ამ წესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის “protect yourself at all times”. თუ მებრძოლის მიზანი ნებისმიერი ფასით მოგებაა, რეფერის მთავარი მოვალეობა სპორტსმენის დაცვაა… ზოგჯერ - თავად სპორტსმენისგან. რეფერი არ არის ვალდებული დაელოდოს მომენტს, როდესაც მებრძოლი სრულიად დანოკაუტებული ან “გათიშული” იქნება - საკმარისია ჩათვალოს, რომ თავს სათანადოდ ვეღარ იცავ. 

კიდევ ერთი რამ, რასაც, ჩემი აზრით, MMA-ს მოყვარულები ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, ალექს პერეირას დარტყმის ძალაა და ის ზეგავლენა, რომელსაც ის მეტოქეზე ახდენს. რამდენიმეჯერ გადავახვიე იმ მომენტს, რომელსაც ამ ბრძოლის “დასასრულის დასაწყისი” შეგვიძლია ვუწოდოთ - ნოკდაუნს, რომელიც პერეირას მარცხენა ჰუკს მოჰყვა. ირჟი პროჰაზკა მუხლებზე ძლიერად ვარდება, შემდეგ კი თავში 6 ე.წ. hammer fist-ს და 8 უძლიერეს იდაყვს უშვებს. ბრძოლის შემდეგ თვითონ პროჰაზკამაც აღიარა, რომ წამიერად გაითიშა. მაგრამ, რომც არ ეღიარებინა, ალექს პერეირასნაირი მებრძოლისგან გაშვებული 14 უპასუხო დარტყმა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რეფერიმ ბრძოლა გააჩეროს. ირჟი პროჰაზკას მოძრაობებში არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ბრძოლის 3 წამით მეტით გაგრძელების შემთხვევაში, სხვა შედეგს მივიღებდით. მატჩის ბოლო წამებში, როდესაც ორივე მებრძოლი მიწაზე აღმოჩნდა, პერეირა full mount-ში იყო და აგრესიულ შეტევას მხოლოდ გააგრძელებდა. ასეთ დროს, ნახევრად გათიშული სპორტსმენის ტვინისთვის თითო დამატებითი დარტყმა საშინლად დამაზიანებელია. იმაში, რომ ირჟისნაირი მებრძოლი იმ ღამეს ოქტაგონში სიკვდილისთვისაც მზად იყო, ეჭვიც არ მეპარება. თუმცა, ეს არც შეჯიბრის წესებს და არც რეფერის მთავარ დანიშნულებას არ ცვლის. 

რაც არ უნდა იყოს, ისტორია დაიწერა და ქვემძიმე დივიზიონს ახალი მეფე ჰყავს - ალექს “პოატან” პერეირა. ადამიანი, რომელმაც თანამედროვე MMA-სთვის უაღრესად ლიმიტირებული უნარების მიუხედავად, სულ რაღაც 2 წელიწადში და 7 ბრძოლაში წარმოუდგენელი მოახერხა: UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. შეგვიძლია უსასრულობამდე ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა ამ მიღწევაში იღბალმა, ორივე დივიზიონებში არსებულმა არეულობამ და პერეირას ზოგადმა პოპულარულობამ - ამის უარყოფა სულელური იქნებოდა. თუმცა, ამ ადამიანის წარმატების იღბლის ან ადესანიასთან წინა დაპირისპირებებისთვის “დაბრალება” კიდევ უფრო სულელური იქნება. ბოლო 5 ბრძოლაში, პერეირამ 4 ჩემპიონი დაამარცხა. ეს კი იღბლის ან რამე ზებუნებრივის ხარჯზე არ ხდება.

ალექს პერეირა ჭეშმარიტად განსაკუთრებული ათლეტია, რომელსაც ბრწყინვალე წარსული და ძალიან საინტერესო მომავალი აქვს. რას შეიძლება ველოდოთ ამ მომავლისგან? სავარაუდოდ, დაპირისპირებას ჯამაალ ჰილთან - დივიზიონის კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონთან, რომელმაც ტიტული ტრავმის გამო დათმო. თუმცა, სანამ ჰილის დაბრუნების თარიღი უცნობია, პერეირამ მომავლის საკუთარი ხედვა გაგვიზიარა: UFC 300-ს მეინ ივენთი და MMA ტრილოგია ძველ მეტოქესთან, ისრაელ ადესანიასთან, ამჯერად ქვემძიმე წონაში. ალექსის ლოგიკა გასაგებია - ჰილის დაბრუნება შეიძლება ზაფხულამდე ვერ მოხერხდეს, 36 წლის პერეირას კი აქტივობა სჭირდება. საშუალო წონაში დაბრუნება გამორიცხულია, შესაძლებელი ვარიანტებიდან კი ყველაზე მეტ მაყურებელს სწორედ ადესანიასთან ბრძოლა მოიზიდავს. ადესანიას მიერ აღებული პაუზის ფონზე, მიჭირს იმის თქმა, რამდენად რეალისტურია ასეთი განვითარება. 

რაც შეეხება ირჟი პროჰაზკას, ეჭვი მაქვს, ამ დივიზიონში მისი წარმატების შესახებ კიდევ არაერთხელ გავიგებთ. ირჟი უნიჭიერესი სპორტსმენია, რომელიც ამ წაგებისგან მშინვნელოვან გაკვეთილს გამოიტანს და ოქტაგონზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად დაბრუნდება. სამარცხვინო არაფერი აქვს - წაგების მიუხედავად, პერეირას წინააღმდეგ კარგი პერფორმანსი გვაჩვენა. დარწმუნებული ვარ, ქაოსის მაესტრო ამ სპორტში კიდევ ბევრს მიაღწევს - უბრალოდ ოდნავ უნდა გააძლიეროს დაცვითი უნარები. მის შემდეგ ბრძოლას კი, ანკალაევის და უოკერის დაპირისპირების გამარჯვებულთან ვისურვებდი.

საბოლოო ჯამში…

UFC 295-მა მოგვცა ყველაფერი, რაც აბუ-დაბიში ჩატარებულმა UFC 294-მ ვერ შეძლო: შთამბეჭდავი მატჩები, ბრწყინვალე ფინიშები, ეიფორია და აგონიაც. გავა დრო და ამ საღამოს გახსენებაზე არაერთხელ ვიკამათებთ - მთავარი ბრძოლის გაჩერების აუცილებლობაზე, პერეირას სპორტულ მემკვიდრეობაზე, თუ პროჰაზკას გამძლეობაზე… მაგრამ, რაც მთავარია, გულგრილები ვერ დავრჩებით.

და ამაზე უფრო ღირებული სპორტში ცოტა რამ არის.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები