Thumbnail

PREVIEW | პირველი საჩემპიონო დუელი - იტალიური დერბი დიდი ინტრიგით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 26 ნოემბერი | 🏟 ალიანც სთედიუმი | ⌚ 23:45 | ⚽ იუვენტუსი V ინტერი
  • გრანდე დერბი დ'იტალია უდიდესი ინტერესს იწვევს
  • ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ ინტერი უფრო სოლიდურია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩზე უნდა იცოდეთ

იუვენტუსი V ინტერი ნებისმიერ სიტუაციაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ბანალური იტალიური დერბი არ არსებობს, იტალიაში სხვა არცერთ გუნდებს სძულთ ისე ერთმანეთი, როგორც იუვეს და ინტერს.

სერია A-ს მე-13 ტურში კი სწორედ გრანდე დერბი დ’იტალიას ჯერია. აფიშა ძალიან მაგარია, რადგან ამჟამინდელი მოცემულობით "სკუდეტოს" მთავარი ფავორიტები და მაძიებლები სწორედ ისინი არიან. ინტერმა და იუვენტუსმა სეზონი ძალიან მაგრად დაიწყეს, ქულებს იშვიათად კარგავენ და ამიტომაცაა, რომ სხვებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვეს. მაგალითად, ინტერი, რომელიც ლიდერია, მესამეადგილოსან მილანს 8 ქულით უსწრებს, ხოლო იუვენტუსი - ექვსით. რა თქმა უნდა, წინ თითქმის მთელი სეზონია და ეს არაფრის გარანტიაა, მაგრამ მაინც: "ნერაძური" და "ბიანკონერი" სხვებთან შედარებით უფრო სტაბილურები არიან.

ინტერმა 12 ტურში 36 შესაძლებლობიდან 31 ქულა მოიპოვა, იუვენტუსმა - 29. შესაბამისად, მათ შორის, მხოლოდ 2 ქულაა განსხვავება და ამგვარად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი საჩემპიონო დუელიც მივიღეთ.

ორივე გუნდი ერთნაირი სქემით თამაშობს: 3-5-2 და ორივე გუნდს გამოარჩევს მყარი დაცვის ხაზი. ინტერმა 12 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა, იუვენტუსმა 7 და ისიც აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ამ 7 გოლიდან 4 ერთ შეხვედრაში გაუშვეს (სასუოლოსთან 2:4), თორემ 11 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი მიიღეს, რაც დიდებული შედეგია. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ ორივე გუნდმა ამ სეზონში ერთადერთი მარცხი სასუოლოსთან განიცადა. იმ სასუოლოსთან, რომელმაც სულ 3 მატჩი მოიგო და აქედან ორი ლიდერების წინააღმდეგ. იუვე სასუოლოსთან სტუმრად 2:4 დამარცხდა, ამ მატჩიდან სამ დღეში "ნეროვერდი" მილანში ჩავიდა, სადაც "სან სიროზე" ინტერი დაამარცხა.

ინტერი მაინც უფრო სოლიდურია, რადგან თუ ორივე გუნდი ძალიან ცოტას უშვებს, მილანელებს ბევრი გოლი გააქვთ, განსხვავებით ტურინელთაგან, რომლებსაც შეტევაში უჭირთ. მაგალითად, დუშან ვლაჰოვიჩი 16 სექტემბრის შემდეგ უგოლოდაა, ფედერიკო კიეზა კი მე-5 ტურიდან, სასუოლოსთან თამაშის შემდეგ. არადა, სწორედ ისინი არიან იუვეს მთავარი დასაყრდენები. სამაგიეროდ, შესანიშნავად თამაშობენ "ბებერი ქალბატონის" მცველები, რომლებიც თავის უშუალო მოვალეობას ხომ კარგად ასრულებენ და გოლებიც გააქვთ. მაგალითად, ვერონასთან იუვეს ანდრეა კამბიაზომ მოაგებინა, ბოლო ტურში კალიარისთან - გლეისონ ბრემერმა და დანიელე რუგანიმ.

გასულ სეზონში იუვენტუსი და ინტერი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სერია A-ში ორჯერვე ტურინელებმა მოიგეს: შინ ადრიენ რაბიოს და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 და სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით 1:0. სამაგიეროდ, ინტერმა რევანში იტალიის თასის ნახევარფინალში აიღო, სადაც ორი მატჩის ჯამში 2:1 გაიმარჯვა (1:1, 1:0). და, რა ხდება ახლა? ინტერმა სერია A-ში ბოლო 4 მატჩი მოიგო, იუვენტუსმა - ბოლო 5 თამაში.

შარშან იუვემ ინტერს სერია A-ში ორივე თამაში მოუგო

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს აქვს: ინტერს განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ორი წამყვანი ფიგურაა ტრავმირებული - ბენჟამენ პავარი და ალესანდრო ბასტონი. თუმცა, სიმონე ინძაგის შემცვლელებიც მაღალი ხარისხის ჰყავს. ასევე ტრავმირებულია ხუან კუადრადო, რომელმაც იუვენტუსში გატარებული 8 წლის შემდეგ სწორედ ინტერს მიაშურა, მაგრამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ამჯერად ვერ ითამაშებს.

გაცილებით სერიოზული დანაკლისია იუვენტუსში: ნიკოლო ფაჯოლის და პოლ პოგბას დისკვალიფიკაცია უკვე ძველი ამბავია. ისევ ტრავმა აქვს კაპიტან დანილოს, რომელსაც კვლავ დანიელე რუგანი შეცვლის. სხვათა შორის, რუგანის საოცარი სტატისტიკა აქვს - ბოლო 14 მატჩში, როდესაც ის ძირითად შემადგენლობაში იყო, ტურინელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. ტრავმიდან გამოჯანმრთელდა ალექს სანდრო, მაგრამ თადარიგში იქნება, ხოლო საეჭვოა მანუელ ლოკატელის თამაში. იტალიელს ნეკნი აწუხებს და უფრო დიდი შანსია ვერ ითამაშოს, ვიდრე მოედანზე გავიდეს. ლოკატელი იუვესთვის ნამდვილად შეუცვლელი ფიგურაა, მით უფრო, ფაჯოლის და პოგბას არყოფნაში. ალეგრისთვის ეს დიდი თავის ტკივილია და უცნობია, როგორ შეცვლიან შეუცვლელ ფიგურას. სავარაუდოდ, ადრიენ რაბიო ითამაშებს ე.წ. რეჯისტას პოზიციაზე. მცირე დაზიანებები ჰქონდათ ვესტონ მაკკენის და ფაბიო მირეტის, მაგრამ ისინი გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ტიმოთი ვეა ისევ ტრავმირებულია.

იუვენტუსი-ინტერი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 3 ქულა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ასეა. ტურინელები მოგების შემთხვევაში გალიდერდებიან, მეორე მხრივ, ინტერს შეუძლია უპირატესობა განიმტკიცოს. პირველ ყოვლისა კი, ამ შეხვედრაში მოგებული გუნდი უპირატესობას ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებისთვის მოიპოვებს...

საინტერესო ფაქტები

🟠 იუვენტუსი არის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი მოიგო ინტერის წინააღმდეგ სერია A-ში (85 გამარჯვება 180 მატჩიდან). ეს კი, 31-ით მეტი გამარჯვებაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს სერია A-ში ინტერის წინააღმდეგ აქვს.

🟠 იუვენტუსმა ინტერთან სერია A-ს ბოლო 8 თამაშიდან 5 მოიგო (1 ფრე, 2 წაგება). მათ შორის, ბოლო ორ მატჩში გოლიც არ გაუშვა (2:0, 1:0 გასულ სეზონში). "ბიანკონერიმ" "ნერაძური" ზედიზედ 3-ჯერ გოლგაუშვებლად ბოლოს 1977 წელს დაამარცხა, როცა ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა.

🟠 ინტერმა იუვენტუსთან სერია A-ში სტუმრად ბოლო 17 მატჩიდან 15 ვერ მოიგო (4 ფრე, 11 წაგება) და 9 შეხვედრაში გოლიც ვერ გაიტანა.

🟠 ეს არის პირველი შემთხვევა სერია A-ში, როცა ინტერი და იუვენტუსი მე-14 ტურამდე ერთმანეთს მინიმუმ 29 ქულით დაუპირისპირდებიან (29 ქულა იუვეს აქვს, 31 - ინტერს). აქამდე გამორჩეული მაჩვენებელი იყო 2008/09 წლების სეზონის მე-13 ტურში, როცა ინტერს 27 ქულა ჰქონდა, იუვენტუსს - 24, ხოლო 2012/13 წლების სეზონში მე-11 ტურისთვის, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ინტერს 24, იუვენტუსს კი 28 ქულა ჰქონდა. საინტერესოა, რომ ორივე ხსენებულ შემთხვევაში მილანელებმა მოიგეს.

🟠 იუვენტუსმა ბოლო 6 შემთხვევიდან 4-ჯერ მოიგო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მასთან თამაშის წინ პირველ ადგილზე იყო (2 წაგება). ბოლო ოთხივე მსგავს შემთხვევაში მილანური გუნდები დაამარცხა, თუმცა, მხოლოდ ერთხელ შეძლო ლიდერის გადასწრება მასთან მოგების შემდეგ ბოლო ექვს შემთხვევაში - 2019 წლის 6 ოქტომბერს, ინტერი ჩამოიტოვა უკან (2:1).

🟠 ინტერმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 მატჩიდან 10 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება). ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა საწყის 13 ტურში 11 თამაშის მოგება: 1950/51 და 2019/20 წლების სეზონებში. თუმცა, ორივე შემთხვევაში "ნერაძურიმ" სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა.

🟠 მხოლოდ ნიცამ გაუშვა უფრო ცოტა გოლი (4) ტოპლიგების გუნდებიდან მიმდინარე სეზონში, ვიდრე ინტერმა (6) და იუვენტუსმა (7). გასულ სეზონში იუვეს 12 ტურში ასევე 7 გოლი ჰქონდა გაშვებული, ხოლო მილანელებს - 17.

🟠 იუვენტუსი და ინტერი არიან გუნდები, რომელთა მცველებმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს: 5-5. ტოპლიგებში მხოლოდ ლევერკუზენს (13 გოლი მცველების ანგარიშზე) და უნიონ ბერლინს (6) აქვთ უკეთესი შედეგი.

🟠 იმ გუნდებს შორის, რომლებსაც სერია A-ში მინიმუმ 5-ჯერ დაუპირისპირდა, სწორედ იუვენტუსთან აქვს ყველაზე ცუდი შედეგი ლაუტარო მარტინესს (1 გოლი მოედანზე გატარებული 676 წუთში ტურინელთა წინააღმდეგ). თუ ლაუტარო გაიტანს, ინტერის მე-2 ფეხბურთელი გახდება ბოლო 60 წელიწადში, რომელსაც 13 ტურში მინიმუმ 13 გოლი ექნება გატანილი (მაურო იკარდი 2017/18 წლების სეზონში).

🟠 ფილიპ კოსტიჩმა სერია A-ში ბოლო გოლი სწორედ ინტერს გაუტანა (19 მარტს). იუვენტუსის ბოლო 6 გოლიდან 3 კოსტიჩის პასით გავიდა. სერბს შეუძლია სერია A-ში პირველად ზედიზედ სამ მატჩში მიიღოს საგოლე მოქმედებაში უშუალო მონაწილეობა.

🟠 სიმონე ინძაგი არის მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინისა და ლუჩანო სპალეტისთან ერთად, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დაამარცხა მასიმილიანო ალეგრი (6).

🟠 იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც წინააღმდეგ ინძაგიმ მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი მატჩი წააგო (11 წაგება 22 მატჩიდან).

🟠 სერია A-ს მიმდინარე სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" შინ 6-დან 5 მატჩი მოიგო (1 ფრე), ხოლო "ნერაძურიმ" სტუმრად აქამდე ჩატარებულ ხუთივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ერთადერთი გოლი გაუშვა.

🟠 იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 4-ჯერ კი ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ინტერის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 სერია A-ში იუვენტუსი და ინტერი აქამდე 180-ჯერ შეხვდნენ. ტურინელთა მხარეს ძალიან დიდი უპირატესობაა: 85 მოგება, 46 ფრე, 49 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): შჩესნი - გატი, ბრემერი, რუგანი - კამბიაზო, მაკკენი, რაბიო, მირეტი, კოსტიჩი - კიეზა, კინი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: დე შილიო, პოგბა, დანილო, ფაჯოლი, ვეა, ლოკატელი.

ინტერი (3-5-2): ზომერი - დარმიანი, დე ვრეი, აჩერბი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ტურამი, მარტინესი.
ტრავმა: კუადრადო, პავარი, ბასტონი.

კომენტარები

ბოლო ამბები