Thumbnail

ქართველები ჩემპიონთა ლიგაში - მებრძოლი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • წლევანდელ ჩემპიონთა ლიგას 9-10 დეკემბერს ბელგრადი უმასპინძლებს
  • ტურნირის წინასწარ განაცხადში 18 ქართველი ძიუდოისტი ფიგურირებს

9-10 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს იგივე ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს (იქვე ევროპა ლიგის შეხვედრებიც ჩატარდება) და წინასწარი ინფორმაციით, ტატამიზე 18 ქართველი ძიუდოისტი გავა, თუმცა, ისინი გუნდებში როგორ იქნებიან გადანაწილებულნი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ დროისთვის, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საიტზე განთავსებულ განაცხადში გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ყველა – 66 კგ.), ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ყველა – 73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი, ვალერი იაშვილი, ფრიდონ გიგანი (ყველა – 81 კგ.), უშანგი მარგიანი, ლევან გუგავა, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ყველა – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, საბა ინანეიშვილი და შალვა გურეშიძე (ყველა +90 კგ.) ფიგურირებენ.

ეს წამია, გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი ვაზარიზე დასცა, თუმცა, მოგვიანებით, მას მოგება გაუუქმეს

შეჯიბრს ბელგრადის Štark Arena უმასპინძლებს და უკვე ცნობილია, რომ ტურნირში ყველა ვარიანტში იქნებიან დაშვებულნი შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები – თბილისური მებრძოლი და ბელგრადის რედ სტარი. კაცთა შეჯიბრი ტრადიციულად ხუთ წონით კატეგორიაში (66, 73, 81, 90 და +90 კგ.) წარიმართება, გამარჯვებული გუნდი კი ოქროს მედლების გარდა, საპრიზო ფონდიდან 12 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩემპიონთა ლიგას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და ის ქართული კლუბების ტრიუმფით დასრულდა. გამარჯვებული თბილისის მებრძოლი გახდა, ხოლო გოლდენ გორი ბრინჯაოს დაეუფლა. იმ შეჯიბრში მონაწილეობა 25 ქვეყნის 143-მა სპორტსმენმა მიიღო, 8 გუნდიდან კი 3 ქართული იყო - გოლდენ გორი, მებრძოლი და არეა. მათთან ერთად ვიხილეთ: ფრანგული პსჟ და SGS, ბერძნული არისი, სერბული ცრვენა ზვეზდა და ესპანური სტაბია. 

მაშინ მებრძოლმა, რომლის ღირსებასაც გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი და ონისე სანებლიძე იცავდნენ, ფინალში რედ სტარი 3:2 დაამარცხა.


როგორც აღვნიშნეთ კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა გოლდენ გორმაც (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე და გელა ზაალიშვილი), რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში არეას (თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე) მოუგო.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი ტურნირის მიმდინარეობისას ერთი სკანდალური შემთხვევაც მოხდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე მებრძოლმა ფრანგულ პსჟ-ს მოუგო, ერთ-ერთი გამარჯვება კი გურამ თუშიშვილმა იზეიმა ლეგენდარულ ტედი რინერთან. ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნული ორთაბრძოლის შედეგი ანულირებულად გამოაცხადა, თუმცა, მებრძოლის გამარჯვება ძალაში დატოვა. მაშინ ითქვა, რომ თუშიშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და ის ჰანსოკუ-მაკეთი (ვადამდელი წაგება) უნდა დასჯილიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები