Thumbnail
  • 'ლილო არენა' რალიქროსის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს
  • ტურნირის გამარჯვებულის ბედი თითქმის გადაწყვეტილია

კვირას, 26 ნოემბერს "ლილო არენა" რალიქროსის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. შეჯიბრი 13:00 საათიდან დაიწყება და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გულშემატკივრებს წინ დიდი სანახაობა და ბრძოლა ელოდებათ.

რალიქროსი ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სახეობაა. შეჯიბრება ერთ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და მასში როგორც რალის, ისე წრიული რბოლისა და ექსტრემალური ავტოსპორტის ელემენტებია გაერთიანებული. სწორედ ეს მიქსი, ტურნირებს დიდ სანახაობას სძენს. რბოლა სამ განსხვავებულ საფარზე: ასფალტზე, გრუნტსა და ხრეშზე მიმდინარეობს და ერთმანეთს ერთდროულად 4 სპორტსმენი ეჯიბრება. რბოლის პროცესში დაშვებულია შეხება, თუმცა შეჯახება არა.

აქამდე, რალიქროსის ჩემპიონატის ხუთი ეტაპი გაიმართა. საერთო ქულების მიხედვით, ჩემპიონის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია - სანდრო თავართქილაძეს მხოლოდ ერთი წრის გავლა აშორებს ტრიუმფთან. მთავარი ბრძოლა მეორე და მესამე ადგილის დასაკავებლად მიმდინარეობს. ლევან ქვარცხავა, რომელსაც 70 ქულა აქვს, მხოლოდ 2 ქულით უსწრებს გიორგი კიკნაძეს.

საერთო ჩათვლა

1. სანდრო თავართქილაძე - 85 ქულა
2. ლევან ქვარცხავა - 70
3. გიორგი კიკნაძე - 68
4. მევლუდ მელაძე - 55
5. სანდრო ლომაძე - 51
6. გიორგი კოდუა - 47
7. თენგო გოგილაშვილი - 46
8. თორნიკე რეხვიაშვილი - 17
9. ნოდარ ჩხეიძე - 12
10. დათო არჯევანიძე - 10
11. იური მანგასაროვი - 9
12. ირაკლი ვადაქარია - 9
13. დათა ქაჯაია - 8
14. ვალერი გიორგაძე - 8

სანდრო ლომაძე (საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი): "ყოველი რბოლა საინტერესოა და ფინალიც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, რადგან ბიჭები სანტიმეტრს არ უთმობენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ექნებათ და კარგი სანახაობა გველოდება."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში რალიქროსის ჩემპიონატი პირველად ტარდება, შეჯიბრის გენერალური სპონსორი კი "ევროპაბეთია".

კომენტარები

ბოლო ამბები