Thumbnail
  • ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ნიკომ” ვარკეთილში კალათბურთის მოედანი მოხატა
  • პროექტის მთავარი მიზანი უბნის სტადიონების გაცოცხლებაა
  • ახალ პროექტზე “ნიკოს” დამფუძნებელსა და ნახატის ავტორს ვესაუბრეთ

სპორტისა და ხელოვნების გაერთიანების ფარგლებში ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკომ მორიგი პროექტი დაასრულა. ამჯერად ვარკეთილში "დამპალოს პარკში" მდებარე სტადიონი მოიხატა. "კალათბურთი კოსმოსში" - ასე ჰქვია ახალ ნამუშევარს, რომელიც განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს. 

როგორც წინა პროექტებზე, ამჯერადაც მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა. სტადიონის გაცოცხლება განსაკუთრებით ახალგაზრდებს ხიბლავთ, ისინი განახლებულ მოედანს მოუთმენლად ელოდნენ. ზოგადად, მოძრაობა "ნიკოს" მთავარი მოტივაცია, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ასევე ქართველი არტისტების დახმარებაა. მათი ინიციატივით 2021 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ჯამში 8 სტადიონი მოიხატა. ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გაერთიანებამ 3 სხვადასხვა ქალაქი მოიცვა - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. 

"ნიკოს" წინა პროექტი დიდუბის რაიონში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, განხორციელდა - "ჩამო, რა!..." - ასე დაერქვა ნამუშევარს, რომლის მთავარი მოწოდება სპორტული აქტივობის დაწყებას გულისხმობს. მოგვიანებით ამ მოედანზე 3X3 კალათბურთის ტურნირი ჩატარდა, რომლის საპრიზო ფონდი 6000 ლარი გახლდათ. 

"დამპალოს პარკში" მდებარე სტადიონის მოხატვაზე არტისტმა თამუნა წახნაკიამ იმუშავა. აღსანიშნავია, რომ "ნიკო" არტისტებს სრულ თავისუფლებას აძლევს, შესაბამისად, ავტორმა კალათბურთის მოედანი სხვანაირად დაგვანახა - მისტიკური და კომიქსების სიმბოლოებით გაჯერებული. 

სანდრო კვანტალიანი (ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკოს" დამფუძნებელი): "ამ პროექტმა ძალიან კარგად ჩაიარა. თავიდან ცოტა ცუდი მოლოდინი გვქონდა, რადგან ამინდის გაუარესებას ველოდით, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გაკეთდა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა, გვეხმარებოდა. მოედნის გვერდით ეკლესიაა, სადაც მასალებს ვინახავდით, სასულიერო პირები გვეხმარებოდნენ. წელს ეს იყო ბოლო სტადიონი, რომელზეც ვიმუშავეთ. სამომავლოდ გვაქვს გეგმები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ".

თამუნა წახნაკია (არტისტი): "ძალიან საინტერესო პროექტი იყო. სულ მინდოდა ამხელა მასშტაბის სტადიონის მოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ კედელზე 10 წელია, ვხატავ, ეს ახალი გამოცდილება იყო. ძალიან დამღლელი და საფრთხილო პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ბოლოს საოცარი შეგრძნება მქონდა - დიდ ხალიჩაზე ვიდექი, რომელიც მე შევქმენი. ხატვის პროცესში სრული თავისუფლება მქონდა, ჩემი ბავშვობის შეგრძნებები გამახსენდა. ყველა კმაყოფილი დარჩა, ადამიანები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, როგორ მოედნებსაც ფილმებში ვხედავდით, ისეთი გამოვიდაო - სტადიონზე დახატული ბურთები კომეტებს განასახიერებენ, რომლებიც ფარისკენ მიდიან, სტადიონზე ყოფნისას შეგრძნება გაქვს, რომ კოსმოსში ხარ. ზემოდან შეხედვისას ისე ჩანს, რომ ერთი ბურთი თითქოს კალათში ვარდება. ჩემი მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო - სტადიონზე მყოფი ადამიანები თითქოს კოსმოსში არიან. ნახატის ესთეტიკა კომიქსის სტილშია შექმნილი. მსგავს პროექტზე მომავალშიც სიამოვნებით ვიმუშავებდი". 

ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გაერთიანება "ევროპოპისა" და "ნიკოს" ერთობლივი პროექტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები