Thumbnail
  • დინამო ბათუმი 3:0 თელავი
  • ტორპედო 2:2 დინამო თბილისი
  • დინამო ბათუმმა ჩემპიონობა ორი ტურით ადრე გაინაღდა

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონია! ისტორიაში მეორედ. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ტიტული ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.

ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე თელავი ადვილად დაამარცხეს. პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა მაინც გაზარდეს: გიორგი ზარიამ ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ცოტნე ფაცაციამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გოლი ცალკე აღნიშნის ღირსია: ბათუმელთა ნახევარმცველმა გოლი მოედნის საკუთარი ნახევრიდან, 60-70 მეტრიდან გაიტანა!

შედეგად, დინამო ბათუმმა 73 ქულა დააგროვა და ბოლო ორ ტურში მიუწვდომელი გახდა.

თუმცა, დინამო ბათუმის ჩემპიონობა დღეს არ გაფორმდებოდა, რომ არა პარალელურად დინამო თბილისის ფრე. ანდრეს კარასკოს გუნდი "ქართულ დერბიში" ტორპედოს ესტუმრა, რომელთანაც 0:2 მარცხდებოდა. ლაშა შერგელაშვილის და გიორგი არაბიძის გოლებით იმერლები დამაჯერებლად იგებდნენ. სტივ კინის გუნდი ძალიან ახლოს იყო 2011 წლის შემდეგ პირველად დინამოსთან საკუთარ მოედანზე მოგებასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე უპირატესობა გაანიავა. მე-80 წუთზე ზორან მარუშიჩმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და გაათანაბრა. სტუმრებს ბოლოს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ტორპედოს მეკარემ გუნდი ორჯერ გადაარჩინა. ამგვარად, დინამო თბილისი ფრეს დასჯერდა, რამაც ბათუმელთა ჩემპიონობა გააოფიციალურა.

დინამო ბათუმი 73 ქულით უკვე ჩემპიონია. დინამო თბილისმა 65 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და სეზონს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულებს, ხოლო ტორპედო 56 ქულით მესამე ადგილზეა და კონფერნესლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.

ტორპედო 2:2 დინამო თბილისი

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (39), 2:0 არაბიძე (58), 2:1 მარუშიჩი (80), 2:2 მარუშიჩი (90)

დინამო ბათუმი 3:0 თელავი

გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (24), 2:0 ზარია (54), 3:0 ფაცაცია (90)

კომენტარები

ბოლო ამბები