Thumbnail

ვლაჰოვიჩს ლაუტარომ უპასუხა - ქულით კმაყოფილი ლიდერები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 1:1 ინტერი
  • სერია A-ში ლიდერებს შორის არაფერი შეიცვალა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი იუვენტუსსა და ინტერს შორის ფრედ დასრულდა. ეს შედეგი არც ერთი გუნდისთვის იყო მიუღებელი, მაგრამ მეორე მხრივ, მილანმა და ნაპოლიმ ლიდერთან მიახლოება შეძლეს.

თამაში, როგორც "გრანდე დერბი დ’იტალიას" სჩვევია, დაძაბული გამოდგა, თუმცა, არცთუ სანახაობრივი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. პირველ ნახევარში ტემპი და ინტენსივობა კიდევ მაღალი იყო. ტურინელებმა უკეთ დაიწყეს და მალევე ფედერიკო კიეზას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 27-ე წუთზე იუვე მაინც დაწინაურდა. დუშან ვლაჰოვიჩმა მისივე დაწყებული შეტევა გოლით დაასრულა და 16 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. სერბს პასი კიეზამ გაუკეთა.

ინტერი დიდი ხანი არ იყო მდევრის როლში, რადგან 6 წუთში მარკუს ტურამის პასით ლაუტარო მარტინესმა ვლაჰოვიჩის დარად ერთი შეხებით გაათანაბრა. გუნდებს 1 საათი ჰქონდათ სათამაშოდ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ დროში ისეთი არაფერი მომხდარა, გამორჩევას რომ იმსახურებს, საერთოდ არაფერი.

ინტერი 32 ქულით ლიდერია, იუვენტუსს 30 ქულა აქვს და კვალში უდგას, ხოლო მილანი და ნაპოლი, შესაბამისად, 26-24 ქულით ოთხეულს აკომპლექტებენ.

იუვენტუსი 1:1 ინტერი

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (27), 1:1 ლაუტარო (33)

იუვენტუსი (3-5-2): შჩესნი - გატი, ბრემერი, რუგანი - კამბიაზო, მაკკენი, ნიკოლუსი (61. ლოკატელი), რაბიო, კოსტიჩი (89. ალექს სანდრო) - ვლაჰოვიჩი (80. კინი), კიეზა (80. მილიკი).

ინტერი (3-5-2): ზომერი - დარმიანი, დე ვრეი, აჩერბი - დუმფრისი (70. კუადრადო), ბარელა (88. ფრატეზი), ჩალჰანოღლუ (83. ასლანი), მხითარიანი, დიმარკო (70. კარლოს აუგუსტო) - ტურამი (88. არნაუტოვიჩი), ლაუტარო.

კომენტარები

ბოლო ამბები