Thumbnail

"ან ბურთი, ან კაცი, ორივე ერთად აქ ვერ გაივლის", - პაოლო მონტეროს, დიად მონტევიდეოელ ყასაბს, ასე მოკლედ და ცინიკურად აქვს ყველაფერი ნათქვამი მისი სათამაშო სტილის და საფეხბურთო კრედოს შესახებ.

როცა ვიხსენებთ ლიპის იუვენტუსს, 90-იანების და შემდეგ უკვე 2000-იანების დასაწყისის, ალბათ, ყველაზე დომინანტურ გუნდს, პირველ რიგში, ყოველთვის შემტევები გვახსენდება - ვიალი-რავანელი-დელ პიეროს ტრიო, დელ პიერო-ტრეზეგე და უკნიდან ნედვედი, ალექსი და პიპო ინძაგი დუეტში. არადა, იუვეს შემტევი ხაზი მუდამ იცვლებოდა - ვიალი და რავანელი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის შემდეგ წავიდნენ, ბოკშიჩი და ვიერი მხოლოდ 1 სეზონი იყვნენ, პიპო ინძაგიმ რამდენიმე სეზონის შემდეგ ტურინი მილანში გაცვალა, ერთადერთი დავიდ ტრეზეგე შემორჩა ხანგრძლივად. ზიდანიც კი გვიან მოვიდა და ადრე წავიდა.

ერთადერთი, ალექს დელ პიერო იყო იუვეს შემტევებში ის, ვინც ამ გუნდის სახეს, სტილსა და ფასეულობებს განსაზღვრავდა. დელ პიერო და დაცვის დუეტი - პაოლო მონტერო და ჩირო ფერარა. მონტერო და ფერარა ტურინში დღემდე ღმერთები არიან, დღემდე ამ გუნდის სულის და ხასიათის მთავარ განმსაზღვრელებად მიიჩნევიან, თუმცა, ფართო აუდიტორიას ისინი ნაკლებად ახსოვს. არადა, უსამართლოდ. იუვეს სტილს და ძალას სწორედ ეს დუეტი განსაზღვრავდა - სწორედ ისინი იდგნენ ბევრი წლის განმავლობაში იუვეს დაცვის ხაზში, იმ გუნდის ფუნდამენტი სწორედ ეს იყო. პაოლო მონტერო იყო ლიპის პირველი სერიოზული სატრანსფერო მოთხოვნა.

თუკი მონტეროს სამხრეთამერიკული ეშმაკობა, ქუჩის ფეხბურთის სიბინძურე და დაუნდობლობა, დემონური ცინიკურობა, სიხისტე და ათლეტიზმი ჰქონდა, ჩირო ფერარა ზუსტად იგივე სტილში თამაშობდა, ასევე ხისტად, სისასტიკის და უხეშობის ზღვარზე, ათლეტურად, თუმცა ამ ყველაფერს ღიმილით აკეთებდა. სწორედ ამიტომ, მონტერო სძულდათ, ფერარა კი უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დუეტში მოედანზე არცერთი იყო "კარგი პოლიციელი". პირიქით, მეტოქის თავდამსხმელების გაპრესვა, მათთვის თამაშის ხალისის გაქრობა, ფეხებში უმოწყალოდ ცემა და იმ შეგრძნების მიცემა, რომ იუვეს კართან მიახლოებაც კი საშიშია, ორივეს ერთობლივი "შემოქმედება" იყო. იცი, რომ ბურთის გამო შენთვის მართლა ფეხის მოტეხვა შეუძლიათ - აი, ასეთი ხალხი იყო.

მონტეროს 'გასაუბრება' მსაჯთან

ზოგადად, იმ იუვეში ამ დუეტის გარდა, ანტონიო კონტე, ედგარ დავიდსი, მორენო ტორიჩელი, ვლადიმერ იუგოვიჩი, ანჯელო დი ლივიო თამაშობდნენ. ისეთი ხალხი, რომელთან ერთადაც ომში წასვლა შეიძლება. ეგ კი არა, იუვეს მაშინდელი შემტევები - ვიალი, ვიერი და ნედვედი, ასევე უფრო მეომრები იყვნენ, ვიდრე ჯადოქრები. გარი ნევილს აქვს ძალიან მაგრად აღწერილი: მატჩის გამოსვლის წინ მათ გვერდით რომ იდექი, უკვე გეშინოდა - გამორჩეული ფიზიკური და სულიერი ძალის ხალხი იყოო. ამ გუნდის ლიდერები, აი, ისეთები, სიტყვა რომ ეთქმით ხოლმე, ჩირო ფერარა და ანტონიო კონტე იყვნენ.

ჩირო ფერარა დიდი კაცია, აი, ისეთი, თვით დიეგო მარადონასაც რომ ეავტორიტეტებოდა და უსმენდა. არადა, დიეგო თითქმის არავის უსმენდა. ჩირო ნეაპოლელია და იუვემდე იმ დიდი ნაპოლის წევრი იყო. ნეაპოლური კარიერის ბოლოსკენ, როცა დიეგო უმართავი გახდა და თავის არცთუ ფხიზელ თავგადასავლებში ბოლომდე ისე იკარგებოდა ხოლმე, რომ არც ვარჯიშებზე ჩანდა და ვერც ოჯახი პოულობდა, მისი მოძებნა და მიხედვა ჩირო ფერარას ევალებოდა. დიეგო მას უსმენდა და მხოლოდ ფერარას შეეძლო, რომ ის ორიოდე დღით მაინც ნორმალურ კალაპოტში დაებრუნებინა. აი, ისეთი ისტორიაა, გზასაცდენილი ადამიანის პატრონობას, ახლობლობაში გამორჩეულ ავტორიტეტს რომ  სთხოვენ ხოლმე.

მარადონას და ფერარას ნაპოლი - ჩირო გოლს ზეიმობს, დიეგო ულოცავს

ფერარა ამ როლით გუნდისთვისაც სასარგებლო იყო და დიეგოს ოჯახისთვისაც. არადა, ამ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, უბრალოდ, პიროვნული სიდიდე ასაკით არ იზომება. ხომ არიან ადამაინები, რომლებიც როგორც კი საუბარს იწყებენ, ყველა ჩუმდება და უსმენს. მათ სიტყვებს სხვა ძალა აქვს, მათ ქარიზმას, ბუნებრივ ავტორიტეტს და შინაგან ძალას ენდობი და მიჰყვები.

ფერარას ნეაპოლის ქუჩების სიბრძნე ჰქონდა. ყველა ენაზე საუბარი იცოდა, ყველაფერი ნანახი ჰქონდა - სპორტული, ქუჩური, მაფიოზური, ადამიანური. ჯანი ანიელისთანაც შენობით იყო და პაოლო დი კანიოს მსგავსი ხულიგნებიც უსმენდნენ.

პაოლო დი კანიოს, თავადაც რომაელ ქუჩის ბიჭს, აქვს ძალიან მაგარი ისტორია, რომელიც ნეაპოლს, ამ ქალაქის სულს და მუღამს, ეგრევე აღწერს. ჩირო ფერარასაც მაშინვე გაიგებ, ვინ არის. ნაპოლი სრული შემადგენლობით რესტორანშია, გვიან ღამემდე ვახშამი აქვთ. უკანა გზაზე ერთ-ერთ მათგანს, ნაღდად არ მახსოვს ვის, სახე ჩამოსტირის. როცა ჰკითხეს, რა ეწყინა, აღმოჩნდა, რომ თურმე ყური მოუკრავს, ოფიციანტები მის გარეგნობას, უფრო ზუსტად, მის ცხვირს დასცინოდნენ. და ნეაპოლელ ფერარასაც - ამ ქალაქის ყველაზე მაგარ შვილს, ეს ამბავი პირად შეურაცხყოფად მიაჩნია და მთელი გუნდი უკან ბრუნდება რესტორანში. გვიანი ღამეა. ათზე მეტი კაცი, ვარსკვლავები, დაკეტილ რესტორანში ბრუნდებიან საქმის გასარჩევად. მერე იქ ჩირო საუბრობს, უფრო სწორად, "ალაგებს". ეუბნება, რომ მის ძმას დასცინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს და ასე არ მოსულა - სტუმართმოყვარეობა, თავმოყვარეობა და ბევრი ასეთი ამბავი. ის ხალხიც ბოდიშს იხდის. ახლა შეიძლება ამაზე გეღიმებათ, მაგრამ იქ ფერარას სიტყვა რომ ნახოთ, დიდი ლიდერის სიტყვაა, ფასეულობებზე, მორალზე, ქცევასა და ასეთ რამეებზე საუბრობს.

ორიოდე კვირის წინ იუვეს ვეტერანებმა ერთმანეთში ითამაშეს. პლატინი, დელ პიერო, ლიპი და სხვა ლეგენდები გაერთიანდნენ. "იუთუბიში" ამის კადრები იძებნება - იქაც ყველაზე მეტს ჩირო ლაპარაკობს. აღიარებული თავი და ლიდერია - ხუმრობს, იცინის, უსმენენ და უჯერებენ. რაღაცით კიელინი ჰგავდა მას. ჯორჯოც მოედანზე ბრუტალური კაცი იყო, მის მიღმა კი კეთილი ავტორიტეტი.

ზოგადად, ნეაპოლი იტალიური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ადგილია. აქედან მაგარი ბიჭები და მაგარი ფეხბურთელები მოდიან ხოლმე. ნეაპოლს ჯერ კიდევ აქვს ქუჩის ფეხბურთის დიდი კულტურა. აქედან იყო, მაგალითად, ფაბიო კანავარო - იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი დიდი ლეგენდა.

მონტეროს 19 წითელი ბარათი აქვს მიღებული, მასთან შედარებით სერხიო რამოსი ანგელოზია. უხეში ხომ იყო, თან რაღაცნაირი გარეწარი და პროვოკატორიც. თან ისეთი, მოედანზე სიმშვიდეს რომ არასოდეს კარგავს. რაღაც ჯოკერისნაირი ცინიკურობაც ჰქონდა. მოედანზე საშინელი რამეების თქმა იცოდა. ერთხელ, 2002 წლის მუნდიალზე, გადამწყვეტ შეხვედრაში, ტიერი ანრის, ჯენტლმენ და გაწონასწორებულ კაცს, ისეთი რაღაც უთხრა, რომ ანრი მაშინვე გააგდებინა. რით გამოიყვანა წყობიდან, ეგ არ არის ცნობილი - ეგ ისტორია დავიდ ტრეზეგესგან ვიცით. ანრი ისეთი შეურაცხყოფილი იყო, რომ ვერაფერით ათქმევინეს, ზუსტად რა უთხრა მონტერომ. და როცა ტრეზეგე თავად ურუგვაელს ჩაეკითხა, პასუხად ცინიკური "როდის იყო, მე ვინმეს რამეს ვაწყენინებდი?" მიიღო. სხვათა შორის, მონტეროს თავისი მორალიც ჰქონდა. მაგალითად, ტრეზეგეს ის არასოდეს შეეხებოდა იმიტომ, რომ კარგი მეგობრები იყვნენ.

ჩირო ფერარა პიპო ინძაგის წინააღმდეგ - 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი

პაოლოს ყველაზე დიდი სისუსტე ზიდანი იყო. ზიზუს იცავდა და უმცროსი ძმასავით უყვარდა. "სად არის ზიდანი?!" - ყველაზე ხშირად მონტეროსგან ეს ფრაზა ისმოდა. ერთხელ იუვე გასვლაზე ავტობუსით მიდიოდა. ზიზუს დააგვიანდა და მძღოლი მაინც აპირებდა დაძვრას. მონტერომ გააფრთხილა, რომ ზიდანის გარეშე არსად წავიდოდნენ და თუ ავტობუსს დაძრავდა, შეიძლება სიცოცხლეს დამშვიდობებოდა.

თუ ზიდანს ურტყამ და აწუხებ, პასუხს პაოლო მონტეროსგან მიიღებ. ურუგვაელი მისი პირადი მცველი იყო მოედანზეც. იუვეს ულტრასებთან აქვს ნაჩხუბარი, ფიზიკურად, ხელით, რადგან გაბედეს და ზიზუს უსაყვედურეს. მონტევიდეოელი ყასაბი გენიალურ ფრანგზე მართლა შეყვარებული იყო.

თავისებური კაცი იმაშიც იყო, რომ სვამდა და დისციპლინის დიდი მოყვარული არ გახლდათ. ოღონდ ძმაკაცები ტორინოს ულტრასებშიც ჰყავდა და მათთან ერთად დილამდე სმა შეეძლო. იუვეს ულტრასებმა, როცა ეს უსაყვედურეს, ეგრევე მოკლედ მოუჭრა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

მონტერო-ფერარას დუეტი იუვეს დაცვას წლების მანძილზე გაუვალს ხდიდა. ორივე მათგანი ძალიან მაგრად თამაშობდა თავით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიმაღლე არცერთს ჰქონდა. ორივეს ჰქონდა ძალიან მაგარი ვარდნა. მათ ათლეტურობაზე, სიხისტესა და საფეხბურთო დაუნდობლობა-სიბინძურეზე უკვე გითხარით. ფერარა სულაც პერსონალური მეურვეობის სპეციალისტად მიიჩნეოდა. მონტეროს თავისი ცაციათი ძალიან კარგი პასი ჰქონდა.

მათი დუეტი ფეხბურთის ისტორიაში ცოტა ჩაიკარგა, დაუფასებელია. არადა, იუვე მათ ფუნდამენტზე იდგა. ისტორია ცოტა სუბიექტურია ხოლმე. მაგალითად, დიდ დუეტად გვახსოვს მალდინი-ბარეზი. ეს მაშინ, როცა რეალურად, მალდინი იმ დროს უფრო მარცხენა მცველი იყო და ბარეზისთან ერთად ცენტრში უფრო ხშირად ალესანდრო კოსტაკურტა თამაშობდა. იგივე ნესტა-კანავაროც დუეტად მხოლოდ იტალიის ნაკრებში იყვნენ და იტალია მსოფლიოს ჩემპიონი პლეი ოფში ნესტას გარეშე გახდა. აი, ფერარა-მონტერო წლების მანძილზე მართლა გაუვალი დუეტი იყო, თუმცა ბევრად ნაკლებად გვახსოვს.

ადგილი, სადაც ისინი ახსოვთ და მუდამ ემახსოვრებათ, ტურინია. ორივე მათგანს აქვს თავისი ვარსკვლავი იუვენტუს-სტადიონის მიღმა. ეს თავისებური საფეხბურთო უკვდავებაა. აქ ვარსკვლავის მფლობელ, ტურინელთა 50 ყველაზე დიდ ლეგენდას შორის, მონტეროც არის და ფერარაც. ორივე მათგანი მიიჩნევა არა მხოლოდ მაგარ მოთამაშედ და ისტორიის ნაწილად, არამედ იუვეს სულის და ხასიათის სიმბოლოდ. არც ის არის შემთხვევითი, რომ პაოლო მონტერო არის ანდრეა ანიელის საყვარელი მოთამაშე. არა დელ პიერო, ბაჯო, ზიდანი ან რომელიმე სხვა ჯადოქარი, არამედ მონტერო, მისი უბრალოების, ბრძოლის და ომის სიყვარულის გამო. თავისებური ოფლის და სისხლის ესთეტიკაა.

პაოლო მონტერო: 'მე მცველად დავიბადე და მცველად უნდა მოვკვდე'.

თავად მონტეროს ისიც აქვს ნათქვამი, რომ კარგი ვარდნა გოლს ურჩევნია. დაცვა, აი, ეს ვარდნები, უხეშობები, ბრძოლა და გამოტანა ბევრს არ უყვარს. ბევრს კი არა, აბსოლუტურ უმეტესობას. არადა, ფეხბურთს ძალიან უხდება ეს ერთობის, არდათმობის, დაზღვევა-დახმარების, კედლად დგომის ისტორია. ვერ გაივლით და არ გაგატარებთ - როცა მაგარი დაცვა მაგარ შეტევას, გენიოსებს და ჯადოქრებს წინ უდგას და ამ თავისი ბრძოლით და გაუტეხელობით კარს და გოლს არ ანებებს. ეგ დაცვა თავისებურად ფილოსოფიაა, ცხოვრების სტილია, ცხოვრებისეული არჩევანია.

მონტერო და ფერარა ასე "ელ ფენომენოსთანაც" მდგარან, ბაჯოსთანაც და ჯორჯ ვეასთანაც - არაფერი დაუთმიათ და ბევრად მეტი, შეუდარებლად მეტი მოუგიათ.

მათი საფირმო თამაში თუ მახსოვს, ერთი ისეთია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება - 2003-ში, "კამპ ნოუზე", ბარსელონასთან, ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში. იუვეს შინ 1:1 ჰქონდა. სხვათა შორის, მაშინ მონტერომ შეაგდო თავისი ერთადერთი გოლი ხანგრძლივ ტურინულ კარიერაში. ერთადერთი, რაშიც ურუგვაელი ფერარას ვერ შეედრებოდა, ეს გოლები იყო. ჩიროს მცველის კვალობაზე მაგრად გაჰქონდა, განსაკუთრებით სტანდარტების დროს.

იმ თამაშში იუვე მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩა. გააგდეს "პიტ ბული" ედგარ დავიდსი - კიდევ ერთი დიდი მეომარი. ბარსა იუვეს ტალღებად ასკდებოდა. ისე, "კამპ ნოუზე" რომ იციან ხოლმე. მოდიან და მოდიან. ჩირო ფერარას, უკვე ვეტერანს, ალბათ კარიერის თამაში ჰქონდა. იუვეს დუეტი კედელივით დადგა - რაც არ უნდა ქნათ, რამდენიც არ უნდა იყოთ, მაინც ვერ გაგვიტანთ. 1:1 იყო. მერე დამატებითში ბოლო წამებზე იუვე კონტრშეტევაზე გაიქცა და მარსელო სალაიეტას გოლით მოიგო. სალაიეტამ იმიტომ შეაგდო, რომ იუვეს ტრეზეგე აკლდა. იქამდე, ორიოდე დღით ადრე, იუვე-ინტერი იყო და იმ ომში ნახევარი გუნდი დაკარგა.

ეს დუეტი აღარასოდეს გამეორდება. დღეს ასე ფეხბურთს აღარ თამაშობენ. მონტეროს თავგადასავლები დღეს, VAR-ის ეპოქაში რომ გაიმეორო, სულ დისკვალიფიცირებული იქნები. შეიძლება უფრო დიდი მცველებიც გვინახავს. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი დუეტი არ იყო, მაგრამ ყველაზე მაგარი ბიჭების დუეტი ნამდვილად იყო.

მონტეროს იმ იუვეს ფენომენი მაგრად აქვს გაანალიზებული - ხსნის, როგორ აძლიერებდა მას და მის გუნდს სხვების სიძულვილი. როცა სძულხარ და შენ ამით სიამოვნებას და დამატებით ენერგიას იღებ. როცა შენზე აღმატებულის წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება შენი ცხოვრების წესია. დღეს მეეჭვება ასეთი სიტყვები ვინმესგან მოისმინოთ.

პაოლო მონტერო: 'იუვენტინო პირველსავე დღეს, ტურინში ჩამოსვლისთანავე გავხდი. იუვე ყველას სძულს და ეს სიძულვილი მე იუვესადმი ჩემს სიყვარულად გარდავქმენი. იუვე ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ. იუვენტუსი არ იქნებოდა ასეთი ძლიერი, სხვებისგან ასეთი ძლიერი სიძულვილი რომ არ ყოფილიყო. შავ-თეთრი მაისური ჩემი ჯავშანი იყო. ვიცვამდი და მივდიოდი საომრად'.

კომენტარები

ბოლო ამბები