Thumbnail
  • ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისი კონტრაქტის შესახებ განმარტება გააკეთა
  • მის გარდა, ფრანგულ პსჟ-ში ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილიც გადავიდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბექაური ფრანგულ პსჟ-სთან კონტრაქტს გამოეხმაურა, რომელიც ქომაგების ნაწილმა არასწორი ინტერპრეტაციით გაიგო. ცხადია, ბექაურის საქართველოს სახელით გამოსვლას არაფერი ემუქრება, რაზეც ყურადღება თავად ლაშამაც გაამახვილა.

"ხალხო, რა შუაშია საქართველოდან წასვლა. როგორც ფეხბურთშია საკლუბო ჩემპიონატი, ასევე არის ძიუდოში და როგორც ფეხბურთელისთვის არის პრესტიჟული თუნდაც პარიზის გუნდში თამაში, ასევე არის ჩემთვის, თან ეს შეჯიბრი წელიწადში ერთხელაა. თუ აქამდე არ იცოდით, ამასაც გეტყვით, რომ ბევრი ქართველი ძიუდოისტია სხვადასხვა უცხოურ გუნდში და რაც შეეხება სანაკრებო გამოსვლებს, ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი სამშობლოს ღირსების დასაცავად! არაფერია სანერვიულო".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პარიზულ გრანდთან ხელშეკრულება გააფორმა და მისი სახელით 9-10 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე (იგივე ჩემპიონთა ლიგა) გამოვა. ბოლო ინფორმაციით, ფრანგებთან მსგავსი კონტრაქტები დადეს ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა.

სავარაუდოა, რომ მათ გარდა, პსჟ-ს ღირსებას ლეგენდარული ტედი რინერი და საფრანგეთის ნაკრების წევრი ლუკა მხეიძეც დაიცავენ, ამდენად, ფრანგული კლუბი მომავალი ტურნირის უმთავრესი ფავორიტი იქნება.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ქართული კლუბი მებრძოლია, რომელმაც შარშანდელ ფინალში სერბულ ცრვენა ზვეზდას სძლია. იმ შეჯიბრს გორმა უმასპინძლა და ჩემპიონთა ღირსებას ბექაურიც იცავდა, ამდენად, ის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები