Thumbnail
  • შვეიცარიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა
  • საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდაა

შვეიცარიაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები: 

საქართველოს ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ითამაშებს, სადაც A ჯგუფშია მასპინძელ ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად. რიგის ექვსეულში B ჯგუფში არიან: ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. 

წილისყრის შედეგები

წილისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ფიბამ ის 4 ქვეყანა დაასახელა, რომლებიც გაისად ზაფხულში დაგეგმილ 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებენ. შეჯიბრი 2-7 ივლისს არის დაგეგმილი და, როგორც დღეს გაირკვა, მასპინძლები საბერძნეთი (პირეოსი), ლატვია (რიგა), პუერტო რიკო (სან ხუანი) და ესპანეთი (ვალენსია) იქნებიან.

პარიზის ოლიმპიური თამაშების დარჩენილი 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, რომლებიც ექვს კალათში გაანაწილეს. საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში იყო. 

ექვსეულები კიდევ შუაზე გაიყოფიან და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს, ორი-ორი საუკეთესო ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში დაწყვილდება, ფინალები კი 4 ჩემპიონს გამოავლენს, რომლებიც ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას მიიღებენ.

პარიზი 2024

ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე - ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე - ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი გაისად 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპს Pierre Mauroy Stadium უმასპინძლებს, ფინალურ ფაზას კი - Bercy arena. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლია, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდაა, მას მერე, რაც ილიას ზუროსმა პოსტი დატოვა. მისი შემცვლელი სანიკიძის თქმით, ოქტომბერში უნდა დასახელებულიყო, მაგრამ ჯერ სიახლე არ არის. ასევე უცნობია ნატურალიზებული კალათბურთელის საკითხიც, რადგან გუნდს თად მაკფადენიც დაემშვიდობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები