Thumbnail

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ცნობილი გახდა განრიგი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული წილისყრის თანახმად, ქართველი კალათბურთელები რიგის ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ. ლატვიაშივე B ჯგუფი ბრაზილიამ, კამერუნმა და მონტენეგრომ დააკომპლექტეს.

ამ ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ჩემპიონი კი ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. სწორედ ლატვიის კალათბურთის ფედერაცია აქვეყნებს კალენდარს, რომელიც ასე გამოიყურება. 

2 ივლისი: ლატვია – საქართველო, ბრაზილია – მონტენეგრო
3 ივლისი: ლატვია – ფილიპინები, მონტენეგრო – კამერუნი
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო, კამერუნი – ბრაზილია

საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს რიგის არენაზე ჩაატარებს

საინტერესოა, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს ნაკრებს შეჯიბრი ფილიპინებთან თამაშით უნდა გაეხსნა და ბოლოს ეთამაშა ლატვიასთან, თუმცა, ბალტიისპირელებმა მასპინძლებისთვის არსებული უფლებით ისარგებლეს და ფიბას კალენდარი შეაცვლევინეს. ლატვიამ არჩია ჯერ საქართველოსთან ეთამაშა და მხოლოდ შემდეგ ფილიპინებთან, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია.

ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული განრიგი საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელია, რადგანაც ჩვენი გუნდი ჯგუფში ერთადერთია, ვისაც შეხვედრებს შორის ერთდღიანი შესვენება ექნება, ლატვია და ფილიპინები კი მიყოლებით ითამაშებენ. ცნობილია ისიც, რომ ნახევარფინალები 6 ივლისს შედგება, ფინალი კი 7 ივლისს არის დაგეგმილი.

ზაფხულში დაეგეგმილ მინი-ტურნირს Arena Riga უმასპინძლებს, რომელიც 11 200 მაყურებელს იტევს. სხვათა შორის, ეს დარბაზი ევრობასკეტი 2025-ის მატჩების ერთ-ერთი მასპინძელიც იქნება და გამორიცხული არაა, საქართველოს ნაკრებმა იქ მაშინაც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი გაისად 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპს Pierre Mauroy Stadium უმასპინძლებს, ფინალურ ფაზას კი – Bercy arena. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლია, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.

2024. gada FIBA olimpisko spēļu kvalifikācijas turnīra grupas 🇱🇻 Latvijā! #fibaoqt no 2. līdz 7. jūlijam! Katra turnīra uzvarētāji izcīnīs pēdējās četras ceļazīmes uz #Paris2024!

Posted by Basketbols on Monday, November 27, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები