Thumbnail

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, შესაძლოა, ალეკსანდარ ჯიკიჩი დაინიშნოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 52 წლის სერბი სპეციალისტი ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა
  • სწორედ ის იყო ბუდუჩნოსტში გოგა ბითაძის ტრანსფერის ინიციატორი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, 52 წლის სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ჯიკიჩი დაინიშნოს. ჩვენი ინფორმაციით, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ დროისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე ახალი მწვრთნელის დანიშვნას ჯერ კიდევ ოქტომბერში აანონსებდა, თუმცა, ამ ვადამ გადაიწია. მაშინ პრიორიტეტი იტალიელი ანდრეა ტრინკიერის ჩამოყვანა გახლდათ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სერბი სპეციალისტი ამჟამად იერუსალიმის ჰაპოელს ავარჯიშებს

რაც შეეხება ჯიკიჩს, ის ცუდი კანდიდატურა ნამდვილად არაა. სერბი ამჟამად იერუსალიმის ჰაპოელს წვრთნის (კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, მისი ხელმძღვანელობით თამაშობს ისრაელის ნაკრების წევრი გაბრიელ ჩაჩაშვილი), თებერვალში კლუბს ქვეყნის თასი მოაგებინა და ისრაელში წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც დაიმსახურა. მას მთავარი მწვრთნელის რანგში ოლიმპიაში (სლოვენია), კრკაში (სლოვენია), ლიეტუვოს რიტასში (ლიეტუვა), პარტიზანში (სერბეთი), ბუდუჩნოსტსა (მონტენეგრო) და ესტუდიანტესში (ესპანეთი) უმუშავია.

სწორედ ის იყო ბუდუჩნოსტში გოგა ბითაძის ტრანსფერის ინიციატორი და მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ქართველ ცენტრს დიდი ნდობაც გამოუცხადა, რისი წყალობითაც ჩვენებური ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულის მფლობელი გახდა. 

ჯიკიჩს ოკეანის გაღმა მუშაობის გამოცდილება აქვს: 2005-07 წლებში მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი იყო, აი, ეროვნულ ნაკრებში კი ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა: 2014-15 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიას ავარჯიშებდა.

თუკი ჯიკიჩი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დათანხმდა, მას პირველი გამოცდა გაისად თებერვალშის ელის, როდესაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტი 2025-ის კვალიფიკაციაში ჩაებმება, მეტოქეებად კი სერბეთი, ფინეთი და დანია ეყოლება. ქართველი კალათბურთელები ჯიკიჩისვე ხელმძღვანელობით ითამაშებენ ივლისში დაგეგმილ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში.

საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე სექტემბრის შემდეგ იმყოფება, როდესაც პოსტი ბერძენმა ილიას ზუროსმა დატოვა. ის საქართველოს 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და ისტორიაში პირველად მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა მოახერხა, მანამდე კი, გუნდი ორ ევრობასკეტზეც ათამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები