Thumbnail
  • საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტური ძალიან შედეგიანი გამოდგა
  • შუქურამ ისევ 0:9 წააგო, ტორპედომ დილას გადაასწრო
  • ჩემპიონის რანგში დინამო ბათუმი 2:6 დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონის რანგში დინამო ბათუმი დინამო თბილისს ესტუმრა და დიდი ანგარიშით წააგო.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი მე-3 წუთზე ჯოვინომ დააწინაურა, მაგრამ ნახევარ საათში ტაბლოზე 5:1 ეწერა... საბა ხვადაგიანმა, ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. გიორგი ბეგაშვილმა კი ავტოგოლი მიითვალა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და დინამო თბილისმა 6:2 გაიმარჯვა. სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, ცხადია, სატურნირო ცხრილზე ამ შედეგს გავლენა არ მოუხდენია.

ქობულეთის შუქურამ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ წააგო ანგარიში 0:9... აჭარულმა გუნდმა წინა ტურში სამტრედიასთან განიცადა მარცხი, ამჯერად ტორპედოსთან. ქუთაისში შუქურას დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მიკელ აბანდომ პენალტი ვერ გაიტანა. მერე სტივ კინის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა. ჰეთ თრიკი შეასრულა ნიკოლა ნინკოვიჩმა, დუბლით გამოირჩნენ გიორგი ფანცულაია და დავით იმედაძე, თითო გოლი ირაკლი ბუღრიძის და გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. არაბიძემ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მორიგი შედევრი შექმნა.

ვინაიდან ამ ტურში გორის დილა სტუმრად სამგურალთან დამარცხდა, ბოლო ტურის წინ მე-3 ადგილის ბედი ტორპედოს ხელშია, რადგან კონკურენტს 2 ქულით უსწრებს. არადა, ამ ტურამდე წინ გორელები იყვნენ. მოგეხსენებათ, მე-3 ადგილი კონფერენსლიგის საგზურის მომტანია. თუმცა, მეოთხე ადგილიც შეიძლება იყოს, თუ თასის ფინალს დინამო ბათუმი მოიგებს.

გადარჩენისთვის ბრძოლაში გაგრამ სამტრედიას თრილერში აჯობა. იმერულმა გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და 2:0 მალევე დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ასევე სწრაფად გაანიავა. გაგრამ გაათანაბრა (2:2), ტაიმი კი მაინც სამტრედიამ მოიგო - 3:2. მეორე ნახევარში გაგრას ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დააქამბექეს და 4:3 მოიგეს. ამრიგად, 35 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურის წინ მერვე ადგილზე არიან, სამშვიდობო ზონაში მყოფ თელავთან ჩამორჩენა კი მხოლოდ 2 ქულაა. ბოლო ტურში თელავი დილას და გაგრა შუქურას ეთამაშება. სამტრედია 33 ქულით მეცხრეა და ამ წაგების შემდეგ გადარჩენისთვის ბრძოლა ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელთან პლეი ოფში მოუწევს.

თელავმა თბილისის საბურთალოსთან მოიგო - 3:0. საბურთალოს ჩემპიონატში მიზნები აღარ აქვს, მხოლოდ საქართველოს თასის ფინალისკენაა მიმართული, სადაც დინამო ბათუმს შეხვდება. გიორგი მიქაძის გუნდმა თელავში 3 უპასუხო გოლი გაუშვა და ამ გამარჯვებით კახელებმა გადარჩენის დიდი შანსი დაიტოვეს.

ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ხუთ შეხვედრაში 28 გოლი გავიდა...

ტორპედო 9:0 შუქურა

გოლები: 1:0 ბუღრიძე (28), 2:0 ნინკოვიჩი (33), 3:0 არაბიძე (57), 4:0 ნინკოვიჩი (63), 5:0 ნინკოვიჩი (67), 6:0 ფანცულაია (71), 7:0 ფანცულაია (77), 8:0 იმედაძე (85), 9:0 იმედაძე (90)

დინამო თბილისი 6:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯოვინო (3), 1:1 ხვადაგიანი (8), 2:1 ბეგაშვილი (16, საკ.კარში), 3:1 მარუშიჩი (19), 4:1 ხარაიშვილი (22), 5:1 სხირტლაძე (34), 5:2 იაკობსენი (36), 6:2 კამარა (67)

თელავი 3:0 საბურთალო

გოლები: 1:0 ჯეფერსონი (10), 2:0 ბაშელეიშვილი (34), 3:0 აშორტია (74)

სამგურალი 1:0 დილა

გოლი: 1:0 ლომინაძე (28. პენ)

გაგრა 4:3 სამტრედია

გოლები: 0:1 მიშოვი (15. პენ), 0:2 ახვლედიანი (18), 1:2 მამაცაშვილი (21), 2:2 შონგა (33), 2:3 ხაიბულაევი (41), 3:3 ბურჯანაძე (62), 4:3 მუსელიანი (70. პენ)

ეროვნული ლიგა. ბოლო ტური, 2 დეკემბერი (14:00 საათი)

დინამო ბათუმი V ტორპედო
დილა V თელავი
შუქურა V გაგრა
საბურთალო V დინამო თბილისი
სამტრედია V სამგურალი

კომენტარები

ბოლო ამბები