Thumbnail
  • შახტარის სასტარტოში გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა ითამაშეს
  • შეცვლაზე შესულმა ჩირო იმობილემ შოტლანდიელთა კარში დუბლი შეასრულა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში დონეცკის შახტარმა გერმანიაში ბელგიურ ანტვერპენს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. სეზონში პირველად შახტარის ძირითადში გიორგი გოჩოლეიშვილმაც ითამაშა და ირაკლი აზაროვმაც. ანგარიში მე-12 წუთზე მიკოლა მატვიენკომ გახსნა. 56-ე წუთზე ლიგაზე პირველ გოლთან ახლოს იყო აზაროვი, რომლის გასროლვაც ხარიხამ მოიგერია. გოჩოლეიშვილმა 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 

ირაკლი აზაროვი გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ამ მოგებით შახტარი ბოლო ექვსი ცდიდან პირველად პლეი ოფში გასვლის შანსებს ინარჩუნებს, რადგან 9 ქულა აქვს, ხოლო ანტვერპენი უქულოთ ევროთასებს ემშვიდობება. აზაროვი ბურთს 64-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 4-ჯერ ჩაჭრა მეტოქეთა პასები, 3-ჯერ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა და 2 ორთაბრძოლა მოიგო. ირაკლიმ ერთხელ მეტოქის დარტყმული დაბლოკა და 36 პასი გააკეთა. მან WhoScored-ისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო - 7.73 ქულა (მე-4 გუნდში). გოჩოლეიშვილის ანგარიშზე 1 წარმატებული დრიბლინგი, 4 მოგებული ორთაბრძოლა და 1 ჩაჭრაა - 6.73 შეფასება.

შახტარმა პლეი ოფის შანსი შეინარჩუნა

ამავე ჯგუფში ბარსელონასა და პორტუს თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს. E ჯგუფში ლაციოს შეცვლაზე შესულმა ჩირო იმობილემ მოაგებინა, ვინც დუბლი შეასრულა. ლაციო ფეიენოორდი-ატლეტიკოს დასრულებამდე 10 ქულით ლიდერია, ხოლო სელტიკს 1 ქულა აქვს და ევროთასებს ემშვიდობება. 

თითქმის 20 წლის შემდეგ 

გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა სასტარტოში ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერთად პირველად ითამაშეს

თითქმის 19 წლისა და 9 თვის შემდეგ (7 202 დღე) ჩემპიონთა ლიგის მატჩის ერთ გუნდში სასტარტო შემადგენლობაში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა: გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა ჰამბურგში შახტარის რიგებში ანტვერპენის წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან დაიწყეს.

2004 წლის მარტი. მალხაზ ასათიანი ემანუელ ადებაიორის წინააღმდეგ

წინა მიღწევა მალხაზ ასათიანს და მიხეილ აშვეთიას ეკუთვნის: მათ მოსკოვის ლოკომოტივის სასტარტოში ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მონაკოს წინააღმდეგ. ქართულ ტანდემს ლიგის სასტარტოში მანამდეც უთამაშია: რეინჯერსის შემადგენლობაში - ზურაბ ხიზანიშვილსა და შოთა არველაძეს (2003 წ) და კიევის დინამოს შემადგენლობაში კახა კალაძესა და გიორგი დემეტრაძეს (2000 წ.). 

E ჯგუფი

ლაციო 2:0 სელტიკი

გოლები: 1:0 იმობილე (82), 2:0 იმობილე (85. ისაკსენის პასით)

H ჯგუფი

შახტარი 1:0 ანტვერპენი

გოლი: 1:0 მატვიენკო (12. ზუბკოვის პასით)

კომენტარები

ბოლო ამბები