Thumbnail

ფიბამ ის 10 მატჩი დაასახელა, რომელთაც გაისად ივლისში დაგეგმილი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის დროს განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ. ათეულში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით 1 თამაში მოხვდა. საუბარია მატჩზე ლატვიასთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება.

"ეს სასტარტო შეხვედრა იქნება A ჯგუფში, სადაც ფილიპინების ნაკრებიც მოხვდა. ამ ევროპულ ქვეყნებს წლეულს დებიუტი ჰქონდათ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახლა კი, ეცდებიან, რომ ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვონ. საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე არასდროს გამოსულა, ლატვია კი მონაწილეთა შორის ერთადერთხელ, შორეულ 1936 წელს იყო. მას მერე, რაც მსოფლიოს პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა, ლატვია ამ მატჩის აშკარა ფავორიტად შეგვიძლიათ დავასახელოთ, თუმცა, ზეწოლაც მათზე გაცილებით დიდი ექნებათ, რადგანაც შინაურ კედლებში ითამაშებენ".

ფიბას ვერსიით, ყველაზე საინტერესო ათეულში ეს მატჩებიც მოხვდა: ფინეთი – ბაჰამები, ფინეთი – პოლონეთი, ანგოლა – ლიბანი, ბრაზილია – მონტენეგრო, სლოვენია – ხორვატია, დომინიკები – საბერძნეთი, ეგვიპტე – დომინიკები, პუერტო-რიკო – იტალია და კოტ დ’ივუარი – მექსიკა.

ლატვიამ საქართველოს ბოლოს აგვისტოში უმასპინძლა და იოლად მოუგო - 82:57

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავება სჭირდება, რათა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვოს. სულ ლატვიაში 6 ქვეყანა (პარალელურ ჯგუფში ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი ითამაშებენ) შეიკრიბება, ოლიმპიადის საგზურს კი ერთი საუკეთესო მოიპოვებს.

2024 წლის 2-7 ივლისს დაგეგმილ მინი-ტურნირს Arena Riga უმასპინძლებს, რომელიც 11 200 მაყურებელს იტევს. სხვათა შორის, ეს დარბაზი ევრობასკეტი 2025-ის მატჩების ერთ-ერთი მასპინძელიც იქნება და გამორიცხული არაა, საქართველოს ნაკრებმა იქ მაშინაც ითამაშოს.

პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი გაისად 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპს Pierre Mauroy Stadium უმასპინძლებს, ფინალურ ფაზას კი – Bercy arena. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლია, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები