Thumbnail

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა, როდესაც კონკურენტი დინამო თბილისისთვის მიუწვდომელი გახდა. 6 დეკემბერს ბათუმელებს საქაართველოს თასის ფინალიც ელით საბურთალოსთან. 

47 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან მუშაობს და მანამდე გორის დილას წვრთნიდა, დინამო ბათუმი სეზონის მიმდინარეობისას, აგვისტოში ჩაიბარა. ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ დემჩენკომ უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც მიღწეულ წარმატებასა და 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსასვლეად გუნდის გაძლიერების საჭიროებაზე ესაუბრა.

"ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა კარდინალურად განსხვავებული ტურნირებია. შესაბამისად, პოზიციების მიხედვით გაძლიერება გვჭირდება, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმნათ. ამოცანა მოთამაშეთა შენარჩუნება და დამატებაა. ისეთი ვითარება, როგორიც დილაში იყო, როდესაც მუდმივად ვკარგავდით ლიდერებს, აქ არ იქნება".

დინამო ბათუმში გიორგი წიტაიშვილი იჯარით გამოდის, რომელიც დინამო კიევის საკუთრებაა. ანდრეი დემჩენკომ საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველსა და მის მომავალზეც ილაპარაკა.

"ის დინამო კიევში გამოდიოდა, იცის, როგორი აქცენტები კეთდება უკრაინაში და ესმის ჩვენი მოთხოვნები. ეს მას დამატებით ბონუსს აძლევს. ნიჭიერი ბიჭია. მას გადატვირთვა სჭირდებოდა. დაიწყო მუშაობა, დაიწყო გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება. კარგი დინამიკა აქვს და ვფიქრობ, მალე ის რომელიმე ევროპულ გუნდში გადავა. 

რა თქმა უნდა, ვისურვებდი წიტაიშვილის შენარჩუნებას. ყველაფერი კონტრაქტზეა დამოკიდებული. ჩვენ თითოეული ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ვართ. დილაშიც ვამბობდი: "არ მინდა, რომ მხოლოდ აქ თამაშობდეთ. მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატებსა და ევროთასებზე გამოდიოდეთ". ევროპა მაღალი დონეა.

ახლა გიორგის კონტრაქტი დინამო ბათუმთან აქვს, ჩვენი ფეხბურთელია, ვაგრძელებთ მუშაობას და ერთმანეთის გაძლირებას", - უთხრა დემჩენკომ უკრაინულ Sport-express.ua-ს.

დინამო ბათუმს 2023 წლის ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის მატჩის ჩატარება 2 დეკემბერს, შინ ქუთაისის ტორპედოსთან უწევს, 4 დღის შემდეგ კი საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას თბილისში საბურთალოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები