Thumbnail

'ყველამ ნახა, რომ პენალტი არ ყოფილა' - უეფამ პსჟ-ნიუკასლის მსაჯები დასაჯა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უეფამ დასაჯა ის არბიტრები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში გუშინ პსჟ-სა და ნიუკასლის მატჩისას VAR-ზე მუშაობდნენ და მთავარ მსაჯ შიმონ მარცინიაკს პენალტის დანიშვნა ურჩიეს.

საუბარია ასევე პოლონელ არბიტრებზე ტომაშ კვიატკოვსკისა და ივან ბებეკზე, რომელთაც VAR-ის მთავარი მსაჯისა და ასისტენტის რანგში დღევანდელ თამაშებზეც (შესაბამისად, სოსიედადი-ზალცბურგსა და ბენფიკა-ინტერზე) უნდა ემუშავათ, თუმცა, საქმეს ჩამოშორეს.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ამბავი პარიზული მატჩის დამატებით დროში მოხდა, როდესაც უსმან დემბელეს კროსის შემდეგ ბურთი ტინო ლივრამენტოს იდაყვს შეეხო.

თავდაპირველად, მარცინიაკმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა, VAR-ის ოთახიდან მომენტის გამეორებით ნახვა სთხოვეს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება შეცვალა და 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მარცინიაკს მომენტის გამეორებით ნახვა VAR-ის ოთახიდან ურჩიეს

გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ნიუკასლის მოთამაშეს ბურთი ჯერ ტანზე მოხვდა და მხოლოდ შემდეგ ხელზე, თუმცა, პოლონელმა არბიტრმა მოულოდნელი ვერდიქტი გამოიტანა, რაც მალევე გახდა კამათის საგანი.

"ეს პენალტი ნამდვილად არ იყო. ყველამ ვნახეთ, რომ ბურთი თავდაპირველად ფეხბურთელს მუცლის არეში ხვდება და მერე ხელზე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ შემთხვევაში 11-მეტრიანი არ ინიშნება... რასაც ახლა ვფიქრობ, ყველაფერი რომ ვთქვა, დიდი სასჯელი არ ამცდება. იმ მომენტამდე რეფერი კარგად მსაჯობდა, ბოლოს კი ასეთი რამ გააკეთა”, - გაცეცხლებული იყო თამაშის მერე ინგლისური კლუბის თავკაცი ედი ჰაუ.

მას გაბრაზების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, რადგანაც კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა (1:1) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ნიუკასლის მდგომარეობა ძალიან გაართულა.

ახლა, იმისთვის, რომ ჰაუს გუნდი პლეი-ოფში გავიდეს, დეკემბერში შინ ყველა ვარიანტში უნდა სძლიოს ასევე მოტივირებულ მილანს, თუმცა, ესეც კი არ იქნება საკმარისი, თუკი პსჟ დორტმუნდში ბორუსიას დამარცხებას მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები