Thumbnail

8-დან 8 მოგება – ასეთი დიდებული სერია აქვს გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს (ფრენჩაიზის ყველა დროის რეკორდს მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება), რომელმაც ამჯერად ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და თანაც სეზონში მისთვის სარეკორდო რაოდენობის ქულები ჩააგდო – 139:120.

ქართველი კალათბურთელის კლუბი თავიდანვე დაწინაურდა და მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო (მინიმუმ 31 ქულა ყველა მათგანში ჰქონდა), ამდენად, საბოლოოდ დაფიქსირებული სოლიდური სხვაობა სრულიად ლოგიკური გახლდათ. 

საინტერესოა, რომ ორლანდომ 27-დან 17 სამქულიანი ჩააგდო (63%), თამაშიდან კი 60.7%-იანი სიზუსტით ესროლა, რაც ჩინებული მაჩვენებელია. ერთადერთი ცუდი, რაც ამ თამაშში მოხდა, ის იყო, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პაოლო ბანკერომ კოჭი იტკინა და მე-3 მეოთხედის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

გოგა ბითაძის შედეგიანი შეტევა უიზარდსთან მატჩში

ბითაძე ზედიზედ მე-13 მატჩში გამოჩნდა ფლორიდელთა სასტარტო ხუთეულში და წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 8 ქულა, 7 მოხსნა (ორივე გუნდის რიგებში უმეტესი მაჩვენებელი), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ და დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი მეჯიქმა სტუმრებზე 7 ქულით მეტი მიითვალა.

ორლანდოელთა რიგებში საუკეთესო გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრანც ვაგნერი (31 ქულა) იყო, ჯეილენ საგსმა 22 ქულა ჩააგდო, სათადარიგოთაგან კი საუკეთესო კოულ ენტონი იყო 25 ქულით. ვაშინგტონელთაგან კაილ კუზმა (23), დენი ავდია (22) და ჯორდან პული (19) გამოირჩნენ.

ორლანდომ 5 წაგების წილ უკვე 13 მოგება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოსტონ სელტიკსს ჩამორჩება, რომელსაც 1 გამარჯვებით მეტი აქვს. მეჯიქი მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს ისევ უიზარდსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები