Thumbnail
  • 📅 3 დეკემბერი | 🏟 ტექსასი | ⌚ 04:00 | 🥊 UFC Austin
  • 4 მიზეზი, რის გამოც ამ ქარდის გამოტოვება არაფრით შეიძლება 
  • ყველაფერი, რაც მომავალი ივენთის მთავარ ბრძოლებზე უნდა იცოდეთ

ალბათ დამეთანხმებით: საქართველოში MMA-სა და კერძოდ UFC-ს ფანობა ადვილი არაა. აბუ-დაბიში ჩატარებული ივენთების გარდა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქარდი ჩვენი დროით დილის 5-6 საათზე იმართება. და თუ ე.წ. casual ფანისთვის თვეში ერთი გათენებული ღამე დიდი არაფერია, რეგულარული მაყურებლისთვის სიტუაცია გაცილებით რთულია - მაკგრეგორის, ადესანიას ან ო’მალის მსგავსი ვარსკვლავების გარდა, არსებობს უამრავი იმედისმომცემი მებრძოლი, რომლის განვითარება გვაინტერესებს და ვისი ნახვის გულისთვისაც ძილის ძვირფას საათებს ვწირავთ. თუმცა, შაბათ საღამოს გართობა და კვირა ღამეს ტკბილი ძილი ჩვენც გვენატრება ხოლმე. ამის გამო, ბრძოლების ყურებას სტრატეგიულად ვუდგებით - თუ არის რამე ქარდი, რომელიც შედარებით ნაკლებად გვაინტერესებს, ათასში ერთხელ ის შეიძლება გამოვტოვოთ.

მართალია, 3 დეკემბრის Fight Night-ი მასიური pay-per-view ივენთი არაა... თუმცა, წინა საღამოს რაც უნდა ხდებოდეს, ამ ქარდის გამოტოვება არავითარ შემთხვევაში შეიძლება. ამისთვის კი, 4 კარგი მიზეზი არსებობს: 

ბენილ დარიუში VS არმან ცარუკიანი

155 ფუნტი, ანუ მსუბუქი წონა, ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და სანახაობრივი დივიზიონია. წლიდან წლამდე Lightweight-ების ტოპ-15 სია სპორტში ყველაზე სახიფათო მებრძოლთა სახელებისგან შედგება. ამ სიას კი, უკვე წელიწადზე მეტია, პირადად ჩემთვის მსოფლიოში pound-for-pound #1 მებრძოლი, ისლამ მახაჩევის სახელი აგვირგვინებს. ისლამის შემდეგი ორი მოწინააღმდეგის ვინაობა ასე თუ ისე ცნობილია - ჩემპიონი, სავარაუდოდ, ჯერ ძველ მეტოქეს, ჩარლზ ოლივეირას, ხოლო შემდეგ, BMF ტიტულის ამჟამინდელ მფლობელს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. თუმცა, MMA-ში გარანტირებული არაფერია და დარიუშის ცარუკიანთან ბრძოლას დივიზიონის მომავალზე უფრო დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ეს ახლა ჩანს. 

არმან ცარუკიანმა UFC-ში უკვე 9 შეხვედრა ჩაატარა

ამ დაპირისპირების მთავარი მიზანია, გაგვცეს პასუხი ორთაბრძოლების კლასიკურ კითხვაზე - "ვეტერანი თუ პროსპექტი?". ბენილ დარიუშისთვის ეს UFC-ში ჩატარებული 23-ე ბრძოლა და ივნისში ჩარლზ ოლივეირასთან მარცხის შემდეგ, პირველი გამოსვლაა ოქტაგონზე. ოლივეირასთან წაგებამ ირანელის, ამ დივიზიონისთვის უაღრესად იშვიათი, 8 მოგების სერია დაასრულა და ტიტულზე ბრძოლის შანსი წაართვა. სრულიად შესაძლებელია, ეს შეჯიბრი დარიუშისთვის დივიზიონის ტოპში დაბრუნების უკანასკნელი შანსი იყოს. ცარუკიანთან მარცხის შემთხვევაში, 34 წლის სპორტსმენს, ასასინებით სავსე დივიზიონში, სატიტულო ამბიციების რეალიზება ძალიან გაუჭირდება.

თუმცა, არანაკლები ზეწოლაა ცარუკიანზე. წარმოშობით ახალქალაქელმა არმანმა UFC-ში სადებიუტო მატჩი 2019 წელს გამართა. ცარუკიანს არ გაუმართლა - ახალ ორგანიზაციაში მისი პირველივე მეტოქე ისლამ მახაჩევი აღმოჩნდა, რომელიც მაშინ ტიტულისგან საკმაოდ შორს იყო. დღეს კი სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია: მახაჩევი ჩემპიონია, ცარუკიანმა კი UFC-ში უკვე 9 მატჩი ჩაატარა.

ახალგაზრდა ათლეტების კარიერაში ამ ეტაპს "ჭეშმარიტების მომენტს" უწოდებენ - ანუ, მოვიდა დრო დაგვიმტკიცოს, რომ მასზე დამყარებული დიდი იმედები ტყუილი არ ყოფილა. "ახალქალაქელს" ბრწყინვალე პოტენციალი აქვს: ელიტარული ჭიდაობა, ძლიერი კარდიო და დინამიკური სტილი. რამდენად საკმარისად განავითარა არმანმა სტრაიკინგი და მოახერხებს თუ არა, ეს ასპექტი საკუთარ სტილში სრულფასოვნად "ჩააქსოვოს"? თუ ცარუკიანი ნამდვილად საჩემპიონო პროსპექტია, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი დარიუშთან ბრძოლაში უნდა მივიღოთ. 

ბობი გრინი VS ჯეილინ ტერნერი

თავდაპირველად, ამ ქარდის co-main ივენთად ბობი გრინის და დენ ჰუკერის 5-რაუნდიანი ბრძოლა იგეგმებოდა, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელ სანახაობას გვპირდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, დენ ჰუკერმა მზადებისას ხელი მოიტეხა და მატჩამდე ორი კვირით ადრე ბრძოლას ჩაეხსნა. მის ნაცვლად, ვეტერან გრინს მსუბუქი დივიზიონის კიდევ ერთი ახალგაზრდა პროსპექტი, "The Tarantula" ჯეილინ ტერნერი დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბობი გრინი ტიტულზე სერიოზულ პრეტენდენტად არასდროს ითვლებოდა, ბოლო დროს მის კარიერაში რამდენიმე საინტერესო განვითარება მოხდა. აქედან ერთ-ერთი მთავარი - ტონი ფერგუსონის ტექნიკური საბმიშენით ბრძოლის ბოლო წამებში დამარცხებაა. ბობის ყველაზე სანახაობრივი ბრძოლები და საუკეთესო გამოსვლები ყოველთვის სტრაიკერების წინააღმდეგ არის. სწორედ ამიტომ, მისი და ჰუკერის დაპირისპირება გამორჩეულად საინტერესო უნდა ყოფილიყო. 

ბობი გრინმა ბოლოს გრანტ დოუსონი პირველ რაუნდში დაანოკაუტა

თუმცა, ჯეილინ ტერნერი სტრაიკინგში ჰუკერს თითქმის არაფრით ჩამოუვარდება. მეტსაც ვიტყვი: ჰუკერთან გაყოფილი გადაწყვეტილებით მარცხის მიუხედავად, ჩემს თვალში ტერნერი მაინც უფრო "კლინიკური" სტრაიკერია. "ტარანტულა" დგომში სწრაფი, ზუსტი და ძალიან ძლიერია. თუ მოსამზადებელი პერიოდის უქონლობა ტერნერის პერფორმანსზე ნეგატიურად არ აისახება, ორი მაღალი დონის სტრაიკერის დაპირისპირება MMA მოყვარულებს ლამაზ და სანახაობრივ ბრძოლას გვპირდება.

რობ ფონტი VS დეივესონ ფიგიერედო

Deus Da Guerra-ს, ანუ "ომის ღმერთის" და უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონის ახალ დივიზიონში დებიუტი, ჩემი არც ისე მოკრძალებული აზრით, გაცილებით უფრო მეტ ხმაურს იმსახურებს. დეივესონ ფიგირეიდო და მისი უპრეცედენტო ძალა 125 ფუნტში კონტენდერებს წლების განმავლობაში ატერორებდა. ყველა მხრივ განვითარებული მებრძოლის და უბრალოდ ფანტასტიკური ათლეტის, დეივესონის მთავარი მეტოქე ყოველთვის სასწორი იყო - ყოველ შემთხვევაში, ფიგიც და მისი მწვრთნელებიც ამაში მუდმივად გვარწმუნებდნენ. რამდენად იყო ეს მართალი? ამ კითხვაზე პასუხს კვირას გავიგებთ: რობ ფონტი ამისთვის საუკეთესო ტესტია.

ფონტი ბოლო წლებში სუპერმსუბუქი დივიზიონის ტოპ 10-ში სტაბილურად რჩება, რასაც, უმეტესწილად, კარგი კრივის, ძლიერი დარტყმებისა და გამძლეობის ხარჯზე ახერხებს. ფიგირეიდოსთან დაპირისპირებაშიც მისი მთავარი იარაღი ჯები და დისტანცია უნდა იყოს. ფონტი მეტოქეზე 8 სანტიმეტრით მაღალია, ხოლო მისი წვდომა ფიგის თითქმის 10 სანტიმეტრით აღემატება. თუ შეამჩნევთ, რომ ბრძოლა უმეტესწილად კრივის მატჩს ჰგავს, ასეთ დაპირისპირებაში დიდი ალბათობით რობ ფონტი გაიმარჯვებს. კიკბოქსინგის და ჭიდაობის ელემენტების შემოტანა და დაპირისპირების ნამდვილ MMA მატჩად გადაქცევა კი პირიქით - ფიგირეიდოს აწყობს. 

დეივესონ ფიგირეიდოს ახალ დივიზიონში დებიუტი აქვს

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები კვირას, ეს მატჩი ორივესთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია: 36 წლის ფონტის რაიმე სახის სატიტულო ამბიციები, სავარაუდოდ, წარსულს ჩაბარდა, თუმცა ტოპ 10-ში პოზიციის დათმობა ცალსახად არ სურს. ხოლო 34 წლის ფიგირეიდოსთვის ბრძოლის შედეგი ამ დივიზიონში მომავალს განსაზღვრავს - ფონტთან წაგების შემთხვევაში, სპორტში მისი პერსპექტივები ძალზედ ბუნდოვანი გახდება.

შონ ბრეიდი VS კელვინ გასტელუმი

თუ დეივესონ ფიგირეიდოსთვის მომავალი ბრძოლა ახალ დივიზიონში დებიუტია, კელვინ გასტელუმი კვირას, ჩემი აზრით, მისთვის ბევრად უფრო შესაფერის წონაში ბრუნდება.

საშუალო წონის ტიტულზე ყოფილი პრეტენდენტი გასტელუმი, გამოსვლების ხარისხის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური მებრძოლია, რომელიც ოდესმე მინახავს. ისრაელ ადესანიასთან ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ, გასტელუმმა 4 ბრძოლა წააგო და საშუალო წონაში სატიტულო ამბიციებს, ფაქტობრივად, დაემშვიდობა. რაც არ უნდა იყოს, ფიზიკური პარამეტრებით, გასტელუმის ადგილი ყოველთვის ქვესაშუალო წონაში იყო. თუ მან წონის ჩაბარება მოახერხა, საინტერესო იქნება, რამდენის მიღწევას შეძლებს ის 170 ფუნტის დივიზიონში.

რაც შეეხება შონ ბრეიდის, ეს ბრძოლა მისთვის აუცილებლად მოსაგებია. იმედისმომცემმა კონტენდერმა წაგების მწარე გემო გასულ ოქტომბერს პირველად გაიგო და არა მგონია, ამ გამოცდილების გამეორება სურდეს. გასტელუმის მსგავს ვეტერანთან გამარჯვება კი, მას დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროსპექტის სტატუსს ნამდვილად დაუბრუნებდა. 

კელვინ გასტელუმი ქვესაშუალო წონაში ბრუნდება

საბოლოო ჯამში…

Fight Night ქარდისთვის UFC Austin-ი უჩვეულოდ საინტერესო და მნიშვნელოვან მატჩებს გვპირდება. ზემოთაღნიშნული ოთხი ბრძოლის გარდა, კვირას ოქტაგონზე MMA მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ კლეი გუიდასა და მიშა ტეიტს ვიხილავთ. ამის გარდა, რაღა დაგიმალოთ და, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება ვერონიკა მაჩადოს კარიერა UFC-ს ქალთა უმსუბუქეს დივიზიონში.

როგორც ყოველთვის, ორთაბრძოლების მოყვარულებს UFC Austin-ის მატჩების მონაწილეებთან ბევრი კითხვა გვაქვს. ამ კითხვებზე პასუხებს კი, სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ!

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები