Thumbnail

PREVIEW | კვარას შანსი თამაშში, რომლის ფასი 3 ქულაზე გაცილებით მეტია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 3 დეკემბერი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:45 | ⚽ ნაპოლი V ინტერი
  • ნაპოლის მორიგი რთული მატჩი ლიდერთან და ფავორიტთან აქვს
  • კვარას გუნდი შინ ძალიან ცუდად თამაშობს, ინტერი კი სტუმრად კარგია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ნაპოლის ჯოჯოხეთური კალენდარი გრძელდება. ატალანტასთან და მადრიდის რეალთან საგარეო მატჩების შემდეგ ვალტერ მაძარის გუნდი სერია A-ს მე-14 ტურში ინტერს ეთამაშება (შემდეგ მოდის იუვენტუსთან გასვლა).

მაძარის დაბრუნებამ ნაპოლიში ენთუზიაზმი და მოტივაციაც დააბრუნა - ატალანტასთან და რეალთან მატჩებმა ეს გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნეაპოლელებმა 2:4 წააგეს და დაცვაში ისევ პრობლემები ჩანდა, შეიძლება ითქვას, რომ მაინც კარგად ითამაშეს. "აძურის" ნამდვილად შეეძლო მადრიდში მინიმუმ ქულის მოპოვება.

თუმცა, ეს უკვე ჩავლილი ისტორიაა, თანაც ჩემპიონთა ლიგა, წინ კი სერია A-ს მორიგი ტურია, რომლის წყალობით ნაპოლის საჩემპიონო რბოლაში დაბრუნება შეუძლია. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს წყალგამყოფი თამაში იქნება და აი, რატომ:

თუ ნაპოლი ინტერს დაამარცხებს, რომელიც პირველ ადგილზეა, ჩამორჩენას 5 ქულამდე შეამცირებს, რაც იმის დასტური იქნება, რომ მოქმედი ჩემპიონი "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში ისევ ჩაერთვება - რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ მუხტს და ფსიქოლოგიურ უპირატესობას მისცემს სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ნაპოლის "ნერაძურისთან" 3 ქულა. თუმცა, მეორე მხრივ, ინტერი თუ გაიმარჯვებს, სხვაობა 11 ქულა გახდება და შეგვეძლება იმის თქმა, რომ ნაპოლი ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას ისევ ჩამოშორდება.

კვარას რეალის შემდეგ ინტერთან დაპირისპირება მოუწევს

ამგვარად, ეს არის თამაში, რომელიც 3 ქულაზე ბევრად მეტ რამეს წყვეტს. ნაპოლი, როგორც წესი, ინტერთან შინ კარგად თამაშობს, გასულ სეზონშიც დაამარცხა (3:1). თუმცა, ის სხვა ნაპოლი და სხვა ინტერი იყო. ახლა სიტუაცია შეცვლილია. სიმონე ინძაგის გუნდი "სკუდეტოს" მთავარი პრეტენდენტია, შემადგენლობაც ღრმაც ჰყავს და თამაშის ხარისხიც სხვებზე უკეთესი აქვს. ინტერმა წინა ტურში ამ ეტაპზე მთავარ კონკურენტ იუვენტუსთან დაკარგა ქულები (1:1). იმ მატჩმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ორივე გუნდი თანახმა იყო ფრეზე, ყოველ შემთხვევაში, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მოსაგებად გუნდებს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. სხვათა შორის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ინტერმა სტუმრად სწორედ ტურინში ვერ მოიგო, ყველა სხვა საგარეო შეხვედრიდან შინ 3 ქულით დაბრუნდა.

ნაპოლიში საპირისპირო ვითარებაა: "სტადიო მარადონა" გუნდისთვის ნამდვილ ტაბუდ იქცა. ცნობისთვის, სერია A-ში ნაპოლის სტუმრად ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული მიმდინარე სეზონში, შინ კი 20 გუნდში მხოლოდ და მხოლოდ მე-16 შედეგი გააჩნია. ჩემპიონთა ლიგაც რომ დავუმატოთ, ნაპოლიმ "სტადიო მარადონაზე" ამ სეზონში მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ბოლოს კი ორ თვეზე მეტი ხნის წინ, 27 სექტემბერს, უდინეზესთან, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა. მას შემდეგ ნაპოლის საკუთარ მოედანზე არ მოუგია (2 ფრე, 4 წაგება ყველა ტურნირზე).

ხვიჩამ მაძარის ხელმძღვანელობით პირველივე თამაშში გაიტანა გოლი (ატალანტასთან), თუმცა, მადრიდის რეალთან თავი ვერ გამოიჩინა და გარკვეულწილად კრიტიკის ობიექტიც გახდა, მეორე ტაიმის სტარტზე დაშვებული შეცდომის გამო. გასულ სეზონში კვარამ ინტერთან ორივე შეხვედრაში ითამაშა, თუმცა, თავი არ გამოუჩენია - არც გოლით, არც საგოლე პასით. ასე რომ, "ნერაძურის" წინააღმდეგ მას პირადი ანგარიში გასახსნელი აქვს. კვარაცხელია შეტევაში სავარაუდოდ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ითამაშებს. კვარა-ოსის დუეტი სასტარტოში ბოლოს 8 ოქტომბერს იყო. ნიგერიელს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ დაბრუნდა და ბოლო ორი მატჩი ითამაშა, თუმცა, მხოლოდ შეცვლებზე.

ნაპოლის დაცვაში პრობლემები აქვს: ორივე მარცხენა მცველი, მარიო რუი და მატიას ოლივერა კარგა ხანს ვერ ითამაშებენ. მაძარიმ დაცვის მარცხენა ფლანგზე ცენტრალური მცველი ჟუან ჟეზუში გადაწია, მაგრამ ბრაზილიელს რეალთან კოშმარული თამაში ჰქონდა. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში ერთ დეტალს უნდა გავუსვათ ხაზი: რუის და ოლივერას არყოფნაში, კვარაცხელიას მარცხენა ფლანგზე ზურგს პრაქტიკულად ვერავინ უმაგრებდა. გასაკვირი არ არის, რომ ჟუან ჟეზუში შეტევაში ფლანგიდან ისე ვერ ერთვება, როგორც ამის გაკეთება მარიო რუის და ოლივერას შეუძლიათ. ეს კი, კვარას თამაშზე ორი აზრი არ არის, გავლენას ახდენს.

ლაუტარო-ტურამის დუეტი სერია A-ში შეუჩერებელია

ინტერს მიმდინარე სეზონში საკადრო პრობლემები არ აწუხებს, თუმცა, ორი მცველი მაინც აკლია. ბენჟამენ პავარსა და ალესანდრო ბასტონის ტრავმები აქვთ, მაგრამ ვინაიდან სიმონე ინძაგის განკარგულებაში დიდი არჩევანია, მილანელებს მათი შესაფერისი შემცვლელები ჰყავთ (მატეო დარმიანი და ფრანჩესკო აჩერბი).

მიუხედავად დაცვაში არსებული პრობლემებისა, გულშემატკივარი ამ თამაშისგან ბევრ რამეს უნდა ელოდოს. ნაპოლისთვის კი, შესაძლოა, სეზონის ყველაზე გარდამტეხი მატჩის დროც დადგა...

საინტერესო ფაქტები

🟠 ინტერმა ნაპოლისთან სერია A-ში ბოლო 8 მატჩიდან 5 მოიგო (2 ფრე, 1 წაგება), თუმცა, ბოლო თამაში მიმდინარე წლის 21 მაისს, ნაპოლიმ 3:1 მოიგო. ბოლოს ნეაპოლელებმა ინტერს ზედიზედ ორჯერ 2016/17 წლების სეზონში აჯობეს.

🟠 ნაპოლი ინტერთან ბოლო 17 საშინაო მატჩიდან 16-ში დაუმარცხებელია 2000-იანი წლების სტარტიდან (10 მოგება, 6 ფრე). ამასთან, ნაპოლი არის გუნდი, რომელთანაც ინტერს სტუმრად გამარჯვებების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს (6%) იმ გუნდებს შორის, რომელსაც ერთზე მეტჯერ დაუპირისპირდა.

🟠 ინტერს ნაპოლისთან ბოლო 10 მატჩში გოლი აქვს გატანილი და ბოლოს, როდესაც "პარტენოპეისთან" უკეთესი სერია ჰქონდა ამ მხრივ, 1952-1957 წლები იყო (11).

🟠 ნაპოლიმ სერია A-ს ლიდერთან ბოლო 15 შემთხვევაში გოლი გაიტანა (არ ითვლება საწყის ოთხ ტურში მატჩები), ხოლო ბოლო 4 შემთხვევიდან სამჯერ ლიდერის წინააღმდეგ არ დამარცხდა (1 მოგება, 2 ფრე).

🟠 ინტერმა სერია A-ში ბოლო 11 საგარეო მატჩიდან 9 მოიგო და საშუალოდ მატჩში 2.4 გოლი გაჰქონდა (სულ 26). ამ სერიაში გამონაკლისია მაისში ნაპოლისთან მარცხი (1:3) და ბოლო ტურში იუვენტუსთან ფრე (1:1).

🟠 ნაპოლის შინ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს (2 ფრე, 4 წაგება), ბოლოს კი საკუთარ მოედანზე 27 სექტემბერს მოიგო (უდინეზესთან 4:1).

🟠 ნაპოლი და ინტერი ის გუნდებია, რომლებმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყეს (233 V 212). ასევე, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ შეეხნენ ბურთს (414 V 400). და ბოლოს, ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (26 V 30).

🟠 ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით ნაპოლიმ სერია A-ში ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება). მათ შორისაა, 2013 წლის 5 მაისს, "მარადონაზე" ინტერთან გამარჯვება (3:1). 2013-2014 წლებში მაძარი ინტერში მუშაობდა, რომელსაც 49 შეხვედრაში უხელმძღვანელა (19 მოგება, 19 ფრე, 11 წაგება).

🟠 პიოტრ ჟელინსკის ინტერთან სერია A-ში 3 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ მილანსა და უდინეზეს გაუტანა უფრო მეტი (4-4). მთლიანობაში პოლონელს მილანურ გუნდებთან შინ 6 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ბოლო 9 მატჩში არც ერთი.

🟠 ლაუტარო მარტინესი (34) და ვიქტორ ოსიმენი (32) ორი ფეხბურთელია, რომლებმაც სერია A-ს გასული სეზონის სტარტიდან ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ამ პერიოდში ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში ისინი მხოლოდ ერლინგ ჰაალანდს (50 გოლი), ჰარი კეინსა (48) და კილიან მბაპეს (43) ჩამორჩებიან.

🟠 ლაუტარო მარტინესმა 2023 წელს სერია A-ში 27 გოლი გაიტანა. 2000 წლიდან სერია A-ში ინტერის მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა უფრო მეტი ერთ კალენდარულ წელიწადში: დიეგო მილიტომ 28 გოლი 2012 წელს და კრისტიან ვიერიმ 28 გოლი 2001 წელს.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ინტერის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში აქამდე 154-ჯერ შეხვდნენ: 46 მატჩი ნაპოლიმ მოიგო, 67 ინტერმა, ხოლო 41-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟუან ჟეზუში - ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: ლინდსტრომი, მარიო რუი, ოლივერა, ჟელინსკი(?).

ინტერი (3-5-2): ზომერი - დარმიანი, დე ვრეი, აჩერბი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ლაუტარო, ტურამი.
ტრავმა: ბასტონი, დუმფრისი, პავარი.

კომენტარები

ბოლო ამბები