Thumbnail

ფრანგული ძიუდოს გრანდმა პსჟ-მ ქართველი ახალწვეულების – ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილისა (81 კგ.) და ლაშა ბექაურის (90 კგ.) პრეზენტაცია მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ ქართული ძიუდოს ვარსკვლავები პარიზულ გუნდში რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხნენ და პარიზელთა ღირსებას სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე (ჩემპიონთა ლიგა) დაიცავენ.

"დიდი კმაყოფილება მინდა გამოვთქვა იმ ფაქტით, რომ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური პსჟ-ს რიგებში იასპარეზებენ. საუბარია სამ ძიუდოისტზე, რომლებიც თავიანთ წონებში საუკეთესოები არიან. მათ ზურგს ძალიან მაგარი შედეგები უმაგრებთ, მათ შორის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები. მათი ჩამოსვლა პსჟ-ში არსებულ ისედაც დიდ კონკურენციას კიდევ უფრო გააძლიერებს და გუნდისთვის დიდი სარგებელის მომტანი იქნება", - განაცხადა პსჟ-ს ძიუდოს მიმართულების ხელმძღვანელმა ჯამელ ბურასმა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა 9-10 დეკემბერს არის დაგეგმილი. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ქართული კლუბი მებრძოლია, რომელმაც შარშანდელ ფინალში სერბულ ცრვენა ზვეზდას სძლია. იმ შეჯიბრს გორმა უმასპინძლა და ჩემპიონთა ღირსებას ბექაურიც იცავდა, ამდენად, ის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები