Thumbnail
  • საქართველო 4:2 ლუქსემბურგი
  • საქართველოს ნაკრებმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ირის ანტმანის გუნდმა ხსენებულ ტურნირზე პირველი თამაში ლუქსემბურგის ნაკრებთან მოიგო. არადა, მატჩი ისე დაიწყო, საქართველოს გამარჯვებას ვერავინ იფიქრებდა.

ლუქსემბურგმა პირველი ტაიმის შუაში, 7-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. პირველი ნახევრის ბოლოს "მიხეილ მესხის" სტადიონზე ელექტროენერგია გამოირთო. პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ თამაში "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გაგრძელებულიყო.

თამაში საათზე მეტი პაუზის შემდეგ განახლდა და მეორე ნახევარში მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: საქართველოს ნაკრებმა ურთულესი მისია გადაჭრა და მატჩი 0:2-დან მოიგო. თეონა ბაქრაძემ სხვაობა 66-ე წუთზე შეამცირა, რასაც 13 წუთში ხატია ჭყონიას გოლი მოჰყვა. სულ მალე ნინო პასიკაშვილმა ანტმანის გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქამბექს წერტილი ნინო დანელიამ დაუსვა - 4:2!

ამგვარად, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ორი ფრესა და ორი მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც ამ გუნდის ისტორიაში ნამდვილად გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-2 ადგილზეა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შანსს იძლევა (ტურნირის ბოლოს საუკეთესო მეორეადგილოსნების ცხრილი შედგება). ირის ანტმანის გუნდი ბოლო ტურში 5 დეკემბერს, სტუმრად თურქეთს შეხვდება, რომელსაც ყველა მატჩი მოგებული აქვს.

საქართველო 4:2 ლუქსემბურგი

გოლები: 0:1 მაჩადო (19), 0:2 ტომპსონი (26), 1:2 ბაქრაძე (66), 2:2 ჭყონია (79), 3:2 პასიკაშვილი (85), 4:2 დანელია (90+7)

საქართველო (4-3-3): გაბუნია - ქადაგიშვილი, კალანდაძე, ტატუაშვილი, გასვიანი - დანელია, პასიკაშვილი, მატვეევა - ბაქრაძე, ჭყონია, ამბალია.

გამარჯვებული გუნდი ❤️😍

Posted by ეროვნული ნაკრები on Friday, December 1, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები