Thumbnail

ტოკიოს გრანდ სლემი | ლუკა მაისურაძის ვერცხლი, გიორგი ტერაშვილის ბრინჯაო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოს დედაქალაქში დაწყებულ გრანდ სლემზე (2-3 დეკემბერი) საქართველოს ნაკრების შვიდმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 5 კაცთა ტურნირში გამოვიდა, 2 - ქალებში. მათგან წარმატებას ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ.) მიაღწიეს. რომლებმაც შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.  

20 წლის ტერაშვილმა გრანდ სლემზე მედალი მესამედ მოიპოვა

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონა ლუკა მაისურაძემ ფინალური შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო, იქამდე კი 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის, შვედეთის, ყირგიზეთისა და კორეის წარმომადგენლებს აჯობა.


ტოკიოში წარმატებით გამოვიდა 20 წლის გიორგი ტერაშვილიც, რომელმაც წინასწარ ეტაპზე გერმანელ, ყაზახ, კანადელ და უზბეკ მეტოქეებს სძლია. გიორგი ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი კორეელ უნკიულ ლის ვაზარით გაუმკლავდა.


იაპონიის დედაქალაქში ქალთა ტურნირის ნახევარფინალში გააღწია და ბრინჯაოს მოპოვებასთან ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანიც (-57 კგ.), მაგრამ 24 წლის ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანელ ლიენ ჩენ-ლინთან დამარცხდა. მანამდე ლიპარტელიანმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების, გუამის და ისრაელის წარმომადგენლებს აჯობა, ნახევარფინალი კი კანადელ მეტოქესთან დათმო.

ტურნირის პირველ დღეს მედლები კაცებისა და ქალების 3-3 წონით კატეგორიაში გათამაშდა. 73 კგ.-ში წარუმატებლად გამოვიდა ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მეორე წრეში ტაჯიკ მეტოქესთან გაფრთხილებებით დამარცხდა. პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გამოსვლა ასევე ნაადრევად დაასრულეს ალექსანდრე ლოლაძემ (-81 კგ.), ლუკა ბაბუციძემ (-90 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.).

ტოკიოს გრანდ სლემი კვირას, 3 დეკემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე გავლენ: გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი ( ორივე -60 კგ.), თენგო ზირაქაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე -66 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.), შალვა გურეშიძე, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.) და ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ.). 

კომენტარები

ბოლო ამბები