Thumbnail

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას კლუბთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და გუნდის ლიდერების, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხსაც შეეხო. 

იტალიურ მედიაში გამუდმებით იწერება, რომ 22 წლის ქართველ შემტევთან, რომელიც ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულში მივიდა და ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს, კონტრაქტის გახანგრძლივება გაუმჯობესებული პირობებით იგეგმება. ამ ხმებს დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი, რომ "კვარას" გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა, ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე დე ლაურენტისის პასუხით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ რაიმე სიახლე მოსალოდნელი ჯერჯერობით არ უნდა იყოს.  

ნაპოლის ლიდერების ტრანსფერით არაერთი გრანდია დაინტერესებული

"კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? რა შუაშია ეს? მას წინ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს… ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს", - ასე დაამშვიდა დე ლაურენტისმა ისინი, რომლებიც კლუბიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელი წასვლის გამო შფოთავენ. 

რაც შეეხება ნიგერიელ თავდამსხმელს, ნაპოლის პრეზიდენტის თქმით, ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა. 

აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს უხდის

ნაპოლიმ ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით სულ ორი მატჩი ჩაატარა - სტუმრად ატალანტას მოუგო (2:1), მადრიდში რეალთან კი დამარცხდა (2:4). იტალიის მოქმედ ჩემპიონებს წინ სერია A-ს ლიდერებთან ელით ურთულესი შეხვედრები - 3 დეკემბერს ინტერს უმასპინძლებენ, 8-ში კი ტურინში იუვენტუსს ეთამაშებიან. დე ლაურენტისი ამ თემასაც შეეხო:

"ინტერთან თამაშში უნდა გაგვიმართლოს. არ გვყავს მარცხენა მცველი… ორივე ტრავმირებულია. თანაც, ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ, რადგან მას ჯერ ატალანტასთან, შემდეგ კი “ბერნაბეუზე” რეალთან მოუხდა დაპირისპირება, რომელთანაც ბოლო წუთებამდე ანგარიში ფრე იყო. წინ ინტერსა და იუვენტუსთან თამაში გვაქვს. საკმარისია ორი დღე ინტერთან მატჩისთვის მოსამზადებლად მაშინ, როცა ორი განაპირა მცველი გაკლია? ხუთი დღე იუვენტუსთან თამაშისთვის მოსამზადებლად? ამ პრობლემებზე ყველამ ერთად, ობიექტურად უნდა ვილაპარაკოთ", - ამბობს პრეზიდენტი.

ნაპოლის მზადება ინტერთან საშინაო თამაშის წინ

სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლი ინტერს უმასპინძლებს, "მარადონაზე" 3 დეკემბერს, 23:45 სთ-ზე (თბილისის დროით) დაიწყება. ვალტერ მაძარის გუნდს გასულ 13 ტურში 24 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები