Thumbnail

კვირას იტალიის სერია A-ში ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართება, სადაც ქვეყნის ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მილანის ინტერს უმასპინძლებს, რომელიც ლიდერ იუვენტუსს ქულით ჩამორჩება და მასზე ნაკლები მატჩი აქვს გამართული. ამ შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა ჩრდილომაკედონიური ფეხბურთის ლეგენდამ, გორან პანდევმა. 

პანდევმა ფეხბურთს თავი შარშან დაანება (როცა პარმაში თამაშობდა), ის ახლა 40 წლის არის. გორანს უთამაშია, როგორც ნაპოლიში, ისე ინტერში და ორივე კლუბის შესახებ ბევრი იცის. 

...ოსიმენსა და ლაუტაროზე: "ამ ორ გუნდს შორის ვერ ავარჩევ, ორივე ჩემთვის ძვირფასია. რომ შევადაროთ ფორვარდები - ვიკტორ ოსიმენი და ლაუტარო მარტინესი - ისინი სერია A-ში საუკეთესოები არიან პოზიციაზე. იმედი მაქვს, რომ არგენტინელი ბომბარდირი გახდება, რადგან ის ამას იმსახურებს. ის ნამდვილი კაპიტანია. ორივე ჩემპიონია. ვიკტორი ყველას შეახსენებს საკუთარ თავს, ის დაბრუნდა".

...კვარაცხელიასა და ტურამზე: "კლასიკური გაგებით ჩემპიონები არიან, რომელთაც გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ. ხვიჩა თავის შესაძლებლობებს ყოველთვის ამტკიცებს. აი, ფრანგმა კი გაგამკვირვა - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ვინმე შეძლებდა იტალიაში ისეთი პირველი სეზონის ჩატარებას, როგორც ეს კვარამ გააკეთა". 

...ჩემპიონობის შანსებზე: "ვფიქრობ, კომპლექტაციით ნერაძური ყველას ჯობს. ასე რომ, არ გამიკვირდება, რომ მათ მაისურებზე მეორე ვარსკვლავი გაჩნდეს. არც იუვენტუსი უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც ევროთასებზე თამაში არ უშლის ხელს, ეს კი უპირატესობაა სხვებთან შედარებით. ნაპოლი და მილანი კონკურენტებად რჩებიან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ გორან პანდევის გოლით ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველი დიდი ტურნირის მიღმა დარჩა. იმ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდის გამო არ უთამაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები